მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად უშუალო კონკურენტს, „ალმერიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:1 დამარცხდა.
„ღამურებისთვის“ აღნიშნული მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ამავე „ალმერიას“ ვალენსიელები 3 ქულით გაასწრებდნენ და გასავარდნ ზონას თავს მინიმუმ 2 საფეხურით დააღწევდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ახლა, „ალმერია“ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა 2 სეივით დაასრულა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მამარდაშვილმა კი მე-8 წუთზე რობერტოუნის საჯარიმო დარტყმა დაიჭირა ხელებში.
„ალმერია“ მეორე ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე დაწინაურდა, მამარდაშვილის კარში გოლის ავტორი გონსალო მელენო გახდა.
რამდენიმე წუთში ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც პულმალს ახლოდან დარტყმული აუღო.
სამწუხაროდ, მამარდამ 58-ე წუთზე გამოსვლაზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რასაც „ვალენსიას“ კარში ბაბიჩის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:0 გახდა.
ბაბიჩის გოლიდან ზუსტად სამ წუთში სამუ კასტილიეხომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ბარახას გუნდმა დიდი აქტიურობის მიუხედავად, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
28 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით გასავარნდ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება და მე-17 ადგილოსან „ვალიადოლიდს“ 2 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ გამართავს.