ღმერთისგან ბოძებული ტალანტი - ვაისმა ხვიჩაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რუსულ Sport 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. ვაისის აზრით, ხვიჩას ბრწყინვალე მომავალი და ოქროს ბურთის მოგების პერსპექტივა აქვს.
„ხვიჩა ტალანტია, რომელსაც ერთი-ერთზე ან ერთი-ორზე თამაში მოსწონს. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მივეცი და წლის ფეხბურთელი გახდა. ხვიჩას უპირატესობა არის ის, რომ ტრავმები არ აწუხებს, ჯანმრთელია და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. სერი ა-ში უმალ ვარსკვლავი გახდა. კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც ღმერთისგან ბოძებული ტალანტი აქვს. ხვიჩა საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ქომაგებს მოსწონთ.
შესაძლოა, მომავალში ხვიჩამ ოქროს ბურთი მოიგოს და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს გახდეს. „ნაპოლი“ ბრწყინვალე გუნდია კარგი მწვრთნელით. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვუსურვებ, მაგრამ 100 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ „ნაპოლი“ მისი ბოლო კლუბი არ იქნება. ხვიჩას ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის დიდ კლუბებში თამაში შეუძლია. მას ბრწყინვალე მომავალი აქვს“.
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი გიბრალტართან ჩაატარა (2019), როცა მთავარი მწვრთნელ ვლადიმირ ვაისი იყო. საერთო ჯამში, ვაისის მწვრთნელობისას კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 გამომუშავებული პენალტია.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 25 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 32 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.