ნერვები ვერ მოთოკა - ოქრიაშვილის წითელი ბარათი დილასთან
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში „გაგრამ“ „ილია კოკაიაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.
51-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა თორნიკე ოქრიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მსაჯმა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ოქრიაშვილი ეფექტური მოძრაობის შემდეგ შეაჩერეს და ჯარიმას ითხოვდა, აფციაურმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
ამ ეპიზოდში მსაჯი უხეშად შეცდა, განმეორებით ჩვენებაზე აშკარაა, რომ „დილას“ ფეხბურთელმა თორნიკე ძოწენიძემ ოქრიაშვილს უბიძგა, პოზიცია დააკარგვინა, რამაც ონორე გომისს საქმე გაუადვილა და ბურთი მოიპოვა. ძოწენიძის მოქმედების გამო აფციაურს ჯარიმა უნდა დაენიშნა, ოქრიაშვილი თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირებას სამართლიანად ითხოვდა.
რაც შეეხება ოქრიაშვილის ქმედებას, ფეხბურთელი ვალდებულია ასეთ მომენტებში ნერვები მოთოკოს. გარდა ამისა, „გაგრას“ შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა და რომ არა გაძევება, შესაძლოა ტაბლოზე განსხვავებული ანგარიში დაფიქსირებულიყო.
ამ სეზონში „გაგრამ“ 7-დან 5 მატჩი დათმო, ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, 2 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-9 ადგილოსან „სამტრედიას“ 2 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება გორის „დილას“, დემჩენკოს გუნდმა 7 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, რაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საუკეთესო შედეგია, თუმცა 7-დან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო და 10 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
მე-8 ტურში „გაგრა“ უშუალო კონკურენტ „სამტედიას“ ესტუმრება (13 აპრილი), „დილა“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს (13 აპრილი).