გიორგი ქინქლაძე, ხვიჩა კვარაცხელია, კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე, რევაზ არველაძე, გია გურული, არჩილ არველაძე, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

იაშვილის 34 გოლი, ხვიჩას მოხსნილი რეკორდი და მე-16 ლოჩოშვილი

სერია ა-ს 29-ე ტურში „სამპდორია“ შინ „კრემონეზესთან“ 2:3 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მე-5 დამატებულ წუთზე „კრემონეზეს“ კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა, დავიდე ბალარდინის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ლუკა ლოჩოშვილი მე-16 ქართველია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში გოლი გაიტანა. მის გარდა ტოპ ლიგაში გოლი გია გურულმა, კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, თემურ ქეცბაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, რევაზ არველაძემ, არჩილ არველაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, კახა კალაძემ, ლევან მჭედლიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.

გთავაზობთ ინფორმაციას ტოპ 5 ლიგაში ქართველი მეგოლეების შესახებ.

ლიგა 1

გია გურული პირველი ქართველია, რომელმაც ტოპ 5-ში ითამაშა და გოლი გაიტანა. 1992-94 წლებში „ლე ავრის“ რიგებში საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში 48 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 12 გოლი და 1 საგოლე პასია.

სერია ა

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ კარიერის დიდი ნაწილი „მილანში“ გაატარა (2001-10), 2010 წელს „ჯენოაში“ გადავიდა, სადაც კარიერის დასკვნითი ორი სეზონი ითამაშა. საერთო ჯამში სერია ა-ს 247 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მისი გოლებიდან გამოსარჩევია გამარჯვების გოლი „ინტერთან“ შეხვედრაში (2005-06 წლების სეზონის 34-ე ტური).

2008-19 წლებში ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში „პალერმოსა“ და „ემპოლის“ მაისურით იასპარეზა, 75 მატჩში 11 გოლი შეაგდო. პირველი გოლი ჯანლუიჯი ბუფონს შეუგდო. ასევე, მან გაუტანა „მილანს“ და „ინტერთან“ დუბლი შეასრულა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 25 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით ხვიჩა ტოპ 5-ში საუკეთესო ქართველია. ხვიჩას მსგავსად ლუკა ლოჩოშვილიც სადებიუტო სეზონს ატარებს, სერია ა-ს 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონი კიდევ ერთი ფაქტითაა გამოსარჩევი, ისტორიაში პირველად სერია ა-ს ერთ სეზონში ორმა ქართველმა გაიტანა.

ბუნდესლიგა

რევაზ არველაძე ბუნდესლიგაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა (1993-94 წლების სეზონის მეორე ნახევარი), „კიოლნის“ რიგებში ერთადერთი გოლი „შტუტგარტთან“ გაიტანა. რევაზ არველაძე ბუნდესლიგის პირველი ქართველი მეგოლეა.

1993-96 წლებში, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა კახა ცხადაძემ „აინტრახტის“ მაისურით 64 მატჩი ჩაატარა და გუნდს „შტუტგარტთან“ გატანილი გოლით დაეხმარა.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბუნდესლიგაში „ფრაიბურგისა“ და „კარლსრუეს“ რიგებში საერთო ჯამში 198 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი შეაგდო. ტოპ 5-ში გატანილი გოლებით იაშვილი საუკეთესო ქართველი მეგოლეა, მას 2 გოლით ლევან კობიაშვილი ჩამორჩება.

2003-04 წლების სეზონში „იაშკამ“ „ფრაიბურგის“ რიგებში ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო. ტოპ 5-ში ერთ სეზონში გატანილი გოლებით იაშვილი საუკეთესო იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში ხვიჩამ იაშვილის შედეგი გააუმჯობესა, „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა.

ქართველებიდან ბუნდესლიგაში ყველაზე შთამბეჭდავი კარიერა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ჰქონდა, ვიცე-ჩემპიონი ორჯერ გახდა (2004-05, 2006-07). „ფრაიბურგის“, „შალკესა“ და ბერლინის „ჰერტას“ რიგებში საერთო ჯამში 351 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 32 გოლია.

1999-2006 წლებში ლევან ცქიტიშვილმა „ფრაიბურგისა“ და „ვოლფსბურგის“ რიგებში საერთო ჯამში 127 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო. ასევე, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 8-ს შეადგენს.

2000-01 წლებში არჩილ არველაძემ „კიოლნისთვის“ ბუნდესლიგის 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ასევე, მის აქტივშია 3 საგოლე პასი. მძიმე ტრავმების გამო მას შემდეგ მაღალ დონეზე არ უთამაშია.

ლა ლიგა

2001 წლის ზამთარში „რეალ სოსიედადმა“ 5 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ გიორგი დემეტრაძე კიევის „დინამოდან“ შეიძინა  თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მხოლოდ 13 მატჩში ითამაშა და ერთადერთი გოლი „სევილიას“ გაუტანა. „დემეს“ ბასკური კარიერა ცალსახად წარუმატებელი გამოვიდა.

პრემიერ ლიგა

გიორგი ქინქლაძე „მან. სიტისა“ (1995-96) და „დერბი ქაუნთის“ (1999-2002) შემადგენლობაში პრემიერ ლიგის 102 მატჩში ითამაშა, „ქალაქელების“ საკულტო ფიგურამ 7 გოლის გარდა 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1997 წელს თემურ ქეცბაიამ ბერძნული პაოკ-ი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა „ნიუკასლში“ გააგრძელა, 1997-00 წლებში „კაჭკაჭების“ რიგებში პრემიერ ლიგაში 76 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ზურაბ ხიზანიშვილი ერთადერთი ქართველი მცველია, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა. 2005-10 წლებში „ბლექბერნის“ შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა, ერთადერთი გოლი პირველივე სეზონში „მან. სიტისთან“ გაიტანა, დევიდ ჯეიმსს შეუგდო.

ქართველებიდან პრემიერ ლიგაში ყველაზე მოკრძალებული კარიერა მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა, 1995-96 წლების სეზონის მეორე ნახევარში პრემიერ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი დებიუტი შთამბეჭდავი იყო, „მეინ როუდზე“ „მან. იუნაიტედს“ გაუტანა, თუმცა შემდეგ „მან. სიტი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილმა სამპდორიას გაუტანა - კრემონეზეს მეორე მოგება სერია ა-ში
ლოჩოშვილმა სამპდორიას გაუტანა - კრემონეზეს მეორე მოგება სერია ა-ში