Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ
ნეაპოლური გამოცემა Il Mattino, რომელიც „ნაპოლისთან“ ყველაზე დაახლოებული და სანდო გაზეთია, წერს, რომ ვიქტორ ოსიმენის „მილანთან“ თამაში თითქმის გამოირიცხა.
კლუბში გარისკვას არ გეგმავენ, რადგან ტრავმის რეციდივის დიდი რისკი არსებობს. ნიგერიელი დაისვენებს და „დიეგო მარადონაზე“ საპასუხო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. 12 აპრილს „სან სიროზე“ სპალეტის თამაში მის გარეშე მოუწევს.
Il Mattino-ს ეჭვი არ ეპარება, რომ ოსიმენი პირველ მატჩს გამოტოვებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმისა გამო 2-3 კვირა გაუცდება ჯოვანი სიმეონესაც. აქედან გამომდინარე ლუჩანო სპალეტის ცენტრფორვარდის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი რჩება.
რასპადორი სასურველ კონდიციებში არ იმყოფება და შესაძლოა სპალეტიმ მის ნაცვლად 9 ნომერზე სხვა ათამაშოს. ვარიანტი რამდენიმეა, მათ შორის ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ. ასევე, ჩაკი ლოზანო, რომელიც კარლო ანჩელოტისა და ჯენარო გატუზოს დროს ცენტრფორვარდის პოზიციაზე გვევლინებოდა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სპალეტი, ამას უშუალოდ მატჩის დღეს ვნახავთ. იქამდე კი ნეაპოლურ პრესას მარჩიელობა მოუწევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს „ნაპოლი“ ამ რთულ მატჩს.