სანდრო ალთუნაშვილი, ბათუმის დინამო, თელავი, ბენჟამინ ტეიდი, მუსა კონატე, ელდარ პარკინაშვილი
Aa
Aa

ტეიდის გასროლა, კონატეს სადებიუტო გოლი - ბათუმის დინამომ თელავი გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ვარდან მინასიანის „თელავი“ შინ ბათუმის „დინამოსთან“ 1:4 დამარცხდა.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ 19-19 ქულით არიან, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერი გია გეგუჩაძის გუნდია. მე-8 ტურში ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი 12 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყება.

თელავში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, იმედა აშორტიამ გრძელი გადაცემით შეტევა განავითარა, ბათუმის „დინამოს“ მეკარე ანტონ ჩიჩკანი მარტივ ვითარებაში შეცდა, ელდარ პარკინაშვილმა ახლო კუთხეში გაუტანა.

ბათუმის „დინამომ“ საწყის 7 ტურში 19 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა. გატანილი გოლების კუთხით ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ იდენტური მაჩვენებელი აქვთ, ხოლო გაშვებული გოლების მიხედვით ჩემპიონატში საუკეთესო გორის „დილაა“, 6 ტურში 3 გოლი გაუშვა.

მე-16 წუთზე სანდრო ალთუნაშვილის შესანიშნავი საგოლე პასით ირაკლი ზარიამ ახლო მანძილიდან შეაგდო.

52-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, „თელავი“ 10 ფეხბურთელით დარჩა მინდორზე, არბიტრმა ვაჟა ფაცაციას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ამ ეპიზოდში ვაჟა ფაცაციამ თამაშის წესი ანტონ ჩიჩკანის წინააღმდეგ დაარღვია.

64-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გრიგოლ ჩაბრაძემ იაქტიურა, მისი პასის შემდეგ ბენჟამინ ტეიდმა შორი მანძილიდან დაბალ კუთხეში გაიტანა, შესანიშნავი გოლი გამოვიდა - 1:2. 68-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა პენალტი გაიტანა, „თელავის“ მეკარემ ლევან თანდილაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. პენალტი ტეიდმა გამოიმუშავა.

25 წლის ლადო მამუჩაშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამოში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ მუსა კონატემ თავური დარტყმით ბათუმის „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. თანდილაშვილს ამ ოსტატური დარტყმის მოგერიების შანსი არ ჰქონია, ბურთს თვალი გააყოლა.

30 წლის მუსა კონატემ, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში 99 მატჩში 27 გოლი შეაგდო, ბათუმის „დინამოს“ სასტარტოში მეორედ ითამაშა და სადებიუტო გოლი გაიტანა.

ფოტო: ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი დააბრუნა და ქომაგები გააგიჟა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე
„იმედი დააბრუნა და ქომაგები გააგიჟა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე