„იმედი დააბრუნა და ქომაგები გააგიჟა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე
სერია ა-ს 29-ე ტურში „სამპდორია“ შინ „კრემონეზესთან“ 2:3 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მე-5 დამატებულ წუთზე „კრემონეზეს“ კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა, დავიდე ბალარდინის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ლუკა ლოჩოშვილი მე-16 ქართველია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში გოლი გაიტანა. მის გარდა ტოპ ლიგაში გოლი გია გურულმა, კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, თემურ ქეცბაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, რევაზ არველაძემ, არჩილ არველაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, კახა კალაძემ, ლევან მჭედლიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
Calciomercato ლამერსის მიერ გატანილ გოლში ლოჩოშვილისა და ბიანეკეტის ბრალეულობას ხედავს: "ლამერსის მიერ გატანილი გოლისას შეცდა, მან და ბიანკეტიმ დარტყმის საშუალება მისცეს, ვერ გაანეიტრალეს. ლოჩოშვილმა შეცდომა გოლით გამოისყიდა“.
ლამერსის გოლი
Tuttomercatoweb: „დაცვაში იდეალურად არ უთამაშია, კონცენტრაციას კარგავდა, თუმცა თამაშის მიწურულს გოლი მკერდით გაიტანა და კრემონულ გუნდს იმედი დაუბრუნდა, შეტევაში კარგად ჩაერთ“.
Eurosport-ი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლოჩოშვილი თავდაჯერებული იყო: „დაცვაში დიდი სამუშაო შეასრულა. გოლის ეპიზოდში შეტევაში ძალიან კარგად ჩაერთო. დარწმუნებული იყო, რომ ანგარიშს გაათანაბრება“.
Numero diez: „პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და „კრემონეზეს“ ქომაგთა სექტორი გააგიჟა“.
ლოჩოშვილის გოლი
ორივე გუნდს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ლუკა ლოჩოშვილი იყო. Whoscored-მა ქართველს, რომელმაც სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 7,5 დაუწერა. თანაგუნდელთა შორის ლუკაზე მაღალი შეფასება მხოლოდ ლეონარდო სერნიკოლამ მიიღო (8,6), რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. Whoscored-ის მსგავსად Sofascore ლუკას მაღალ შეფასებას უწერს - 7,1, თუმცა Sofascore-მა ლუკაზე ოდნავ მაღალი შეფასება მის რამდენიმე თანაგუნდელ მიაკუთვნა. კერძოდ, კარნეზეკის (7,2), კვალიატასა (7,2) და გილონეს (7,2). სერნიკოლას Sofascore საუკეთესოდ მიიჩნევს - 8,8.
ლუკამ კარისკენ ორჯერ დაარტყა, 43 პასი შეასრულა, მათგან 88,4% ზუსტი იყო. ლუკამ 4 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, დაცვაში მოქმედებისას ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, ერთხელ მეტოქის დარტყმული დაბლოკა. ასევე, ორჯერ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. გოლის გარდა დაცვაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო.