ბორდო, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ სასტარტოს მიღმა - დავითაშვილის ბორდომ ბასტია დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდომ“ შინ „ბასტია“ 2:0 დაამარცხა. 37-ე წუთზე ჯოშ მაჯამ ანგარიში გახსნა და ბომბრდირთა დავაში ლიდერ გიორგი მიქაუტაძეს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. „ბასტიას“ კარში მეორე გოლი ბრაზილიელმა საყრდენმა ფრანსერჟიომ 48-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარტის თვის სანაკრებო მატჩების შემდეგ „ბორდომ“ ლიგა 2-ში მეორე მატჩი ჩაატარა, ზურიკო დავითაშვილი ორივე შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, როგორც „გინგამთან“, ასევე „ბასტიასთან“, 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ასევე, ლიგა 2-ში ჩატარებული ბოლო 5-დან 3 მატჩში სასტარტო 11-ეულს მიღმა იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი მწვრთნელი დავიდ გიონი ისე აღარ ენდობა, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში იყო, 22 წლის გარემარბის პროდუქტიულობა და სათამაშო დრო შემცირდა.

დღევანდელ მატჩში Sofascore-მა 6,7 დაუწერა, რაც „ბორდოში“ ყველაზე დაბალი შეფასება იყო. დავითაშვილის მსგავსად ანალოგიური შეფასება ცვლილებაზე გამოსულმა კიდევ ორმა ფეხბურთელმა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს თავის გამოჩენისთვის დიდი დრო არ ჰქონია. გარდა ამისა, ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, გუნდებმა შეხვედრა 10-10 მოთამაშით დაასრულეს.

დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და „ბორდოში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს. ამ სეზონის ბოლომდე კლუბმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გამოისყიდის თუ არა ქართველ გარემარბს, რომელმაც ლიგა 2-ის 22 შეხვედრაში (16 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. 

ფაქტია, ბოლო პერიოდში ზურიკო დავითაშვილი საუკეთესო ფორმაში არაა, რაც ნორვეგიასთან ჩატარებულ მატჩშიც კარგად გამოჩნდა. ყველაზე არასასიამოვნო მომენტი მის ბრწყინვალე დრიბლინგს უკავშირდება, როცა საჯარიმოსთან მყოფმა ეგოისტურად იმოქმედა და ცარიელ სივრცეში მყოფ თანაგუნდელს პასი არ მისცა, შემდეგ კი ბურთი დაკარგა და რეალური საგოლე მომენტის შექმნის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ამ გამარჯვების შემდეგ ჟირონდული კლუბი ლიგა 2-ში 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლე ავრს“ 4 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „მეცს“ კი 5 ქულით უსწრებს. 30-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „პაუს“ ესტუმრება, თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც იგივე პოზიციაზე დარჩება. შეხვედრა 8 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ლიგა 2-ში მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები აღზევდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება
ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება