კვარა ცრუ ცხრიანად? რას გეგმავს სპალეტი მილანთან ლიგაზე?
სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ სტუმრად 2:1 მოუგო. ამ მატჩმა ლუჩანო სპალეტის კიდევ ერთი თავსატკივარი გაუჩინა - ოსიმენის შემდეგ, ტრავმა ჯოვანი სიმეონემაც მიიღო და გუნდში ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე მხოლოდ რასპადორი დარჩა, რომელიც ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა და სასურველ კონდიციებში არ იმყოფება.
იტალიური გამოცემა ilmionapoli წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ შეხვედრაში სპალეტისთვის შესაძლოა გამოსავალი ხვიჩა კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლა იყოს - კვარა ცენტრფორვარდად?
„სიმეონეს არყოფნის შემთხვევაში, ოსიმენზეც სერიოზული ეჭვებია, თუ ის ითამაშებს, ამ შემთხვევაშიც კი სასურველ კონდიციებში ჯერ ვერ იქნება. და რასპადორი, რომელიც ახლახან დაბრუნდა. შესაძლოა სპალეტის გამოსავალი და ტაქტიკური გასაღები ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ეს ქართველის ბუნებრივი როლი არ არის, საუბარია „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე. 77-ე ნომერს საამისო უნარები აქვს, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია ამ პოზიციაზე.
სიმეონეს ტრავმის შემდეგ, ლეჩესთან მან რამდენიმე წუთი სწორედ ცრუ ცხრიანად ითამაშა. მისმა ნიჭმა შესაძლოა მილანის მცველების დეზორიენტაცია გამოიწვიოს.
ნაპოლის ქომაგების გონება შესაძლოა რამდენიმე წლით უკან დაბრუნდეს, როცა 2016-17 წლების სეზონში მაურიციო სარიმ გამოუვალი მდგომარეობის გამო უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დრის მერტენსი ცრუ ცხრიანად გამოიყენა. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის კარიერა ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შემდეგ მერტენსი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
ვინ იცის, იქნებ კვარაცხელიამაც იპოვოს ამ პოზიციაზე თავისი ახალი როლი, რომელმაც შესაძლოა მის მახასიათებლები და უნარები უკეთ წარმოაჩინოს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
რა ვარიანტები აქვს სპალეტის?
ხვიჩას საქართველოს ნაკრებში „ცრუ ცხრიანად“ ნამდვილად არ უთამაშია. აქ იტალიელი კოლეგები შეცდნენ, თუმცა ვილი სანიოლი „კვარას“ სპალეტისგან განსხვავებით, რომ სხვაგვარად იყენებს, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება.
ხვიჩა ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტად ცენტრისკენ მოქმედებს, ვიდრე ნეაპოლში თამაშობს. მოედანზე შედარებით მეტი თავისუფლება აქვს, ვიდრე სერია A-ში თამაშისას.
რაც შეეხება ფლანგებს, თუ სპალეტი კვარაცხელიას „ცრუ ცხრიანად“ გამოყენებას შეეცდება, მას გარემარბებად 3 არჩევანი ექნება - პოლიტანო (მარჯვნივ), ლოზანო (ორივე ფლანგზე ) და ელმასი (ორივე ფლანგზე). ამ მხრივ იტალიელ სპეციალისტს არჩევანის გაკეთება შეეძლება, თუმცა რამდენად წავა რისკზე და ხვიჩას ცენტრში გადაწევს, ახლა ამის ვარაუდი რთულია.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ნაპოლის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი 12 აპრილს, 23:00 საათზე „სან სიროზე“ გაიმართება.
კვარას ყველა მომენტი ლეჩესთან