ლეჩეს თავკაცი: „შანსები გვქონდა, ნაპოლი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა“
„ლეჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ „ნაპოლისთან“ გამართული მატჩი შეაფასა. მისი გუნდი 1:2 დამარცხდა, თუმცა, ბარონი საკუთარი შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა და „პარტენოპეის“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.
„არაფერს ვნანობთ. მატჩის შემდეგ, ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს სწორი გზა იყო და მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე თამაშში დარჩნენ. გოლის გატანის შანსები გვქონდა და კარში ზუსტად ნაპოლიზე მეტჯერ დავარტყით. ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვათ და რა რთულიც არ უნდა იყოს, მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.
ნაპოლი მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და სტრატოსფერული ჩემპიონობისკენ მიიწევს. ვერაფერს ვიტყვი... პარტენოპეი სკუდეტოს მოედანზე იგებს და ამაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანსები გვქონდა, კარში მეტოქეზე მეტჯერ დავარტყით და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.