„ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „ლეჩესთან“ მოგებული მატჩი შეაფასა. მისმა გუნდმა 2:1 იმარჯვა და იტალიელი სპეციალისტის თქმით, ეს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი მოგება გახლდათ.
„ლეჩესთან სტუმრად თამაში ძალიან ძნელია და ამ სტადიონზე ქულები ბევრ ძლიერ კლუბს დაუკარგავს. ლეჩე საკუთარ კედლებში ყოველთვის კარგ ფორმაშია და მატჩის შემდეგ, ბარონის (ლეჩეს თავკაცი) ვუთხარი, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირება ძალიან გაგვიჭირდა. ეს 3 ქულა მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგვცემს და მილანთან მატჩებისთვის უკეთ მოვემზადებით. უმნიშვნელოვანესი იყო გვეჩვენებინა თამაში, რომელიც სატურნირო ცხრილში ჩვენს პოზიციას ასახავს და სწორედ ეს გავაკეთეთ. ხასიათის გამოვლენა გვჭირდებოდა და ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ.
მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და მილანთან მარცხის შემდეგ, ეს საჭირო იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნაპოლი სხვანაირი გუნდია და ეს გასაგებია, რადგან ფეხბურთელები კლუბში დაღლილი დაბრუნდნენ. ამ თამაშის მოგება გვჭირდებოდა, რათა სწორ გზაზე დავბრუნებულიყავით და მჯერა, წარმატებას მივაღწევთ. ეს სამი ქულა დაგვეხმარება, შედარებით მშვიდად ვიყოთ და ლეჩესთან ვაჩვენეთ, რომ დაღვინებული გუნდი ვართ. ჩვენი დამოკიდებულება და ხასიათი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ეს მოგება ოცნებისთვის, რომელიც ჯერჯერობით ოცნებად რჩება, რადგან სკუდეტო არ დაგვისაკუთრებია, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.
ხვალიდან მილანთან მატჩზე დავიწყებთ ფიქრს და შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით, არ უნდა გავიმეოროთ. მილანთან გასამართ დაპირისპირებებში, შევეცდებით, სუსტი წერტილები მაქსიმალურად შევამციროთ და მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. ფეხბურთელებს შორის ნდობა არსებობს და ეს გამარჯვების მოპოვებაში გვეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.