ბლაუგრანას სატრანსფერო გეგმები - მხოლოდ 4 ფეხბურთელია ხელშეუხებელი
„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და აპირებს, აქტიური იყოს. ამ ინფორმაციას გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport-ი ავრცელებს და წერს, რომ „ბლაუგრანას“ მიზანი მინიმუმ 120 მილიონი ევროს გამომუშავებაა.
„ბარსას“ ფინანსური საკითხები ბოლომდე არ დაულაგებია და ზემოთ ხსენებული თანხა სჭირდება, რათა მომდევნო სეზონისთვის ლა ლიგის წესები დააკმაყოფილოს. „ბლაუგრანა“ გეგმავს, იჯარით მყოფი პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი გაასხვისოს და ერთადერთი გამონაკლისი აბდე ეზალზულია, რომელიც „ოსასუნაშია“ განათხოვრებული.
Sport-ის ცნობით, იჯარით მყოფი მოთამაშეების გასხვისება საკმარისი არ იქნება და „ბარსელონას“ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაც მოუწევს. ის თუ ვის გაყიდიან, დამოკიდებული იქნება, რამდენად სარფიან წინადადებას მიიღებენ. ამ მომენტისთვის, მხოლოდ პედრის, გავის, არაუხოსა და ფრენკი დე იონგის გაშვებაა გამორიცხული.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა და 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „ბლაუგრანა“ უშუალო კონკურენტს, „რალს“ 12 ქულით უსწრებს და ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვება ფინანსურად ძალიან დაეხმარება.