„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები „მილანში“ გაატარა (2001-10) და იტალიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2002-03, 2006-07), Gazzetta-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კალაძე, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაშია და ამჟამად თბილისის მერის პოსტს იკავებს, კვარაცხელიას ბავშვებისთვის მისაბაძ ფეხბურთელს უწოდებს.
კახა კალაძე: „კვარას უმაღლესი დონის პერსპექტივა აქვს. მას ის თვისებები აქვს, რომელიც თავის ასაკში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცევს. მას გარანტირებული მომავალი აქვს ძალიან მაღალ დონეზე. კვარა იმას ამტკიცებს, რაც ადრე ვთქვით, რომ საჭიროა მუშაობა და ახალგაზრდების უნდა გვჯეროდეს. საქართველოში მისაბაძი მოთამაშეა, ბავშვების კერპია. ის უამრავ ბავშვს აძლიერებს, რომ ფეხბურთისთვის მსხვერპლი გაიღონ. ის აჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს.
ყოველთვის გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში თამაშობდნენ. ამ სეზონში „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი გვყავს, რომელიც ახალგაზრდა ცენტრალური მცველია, ფიზიკურად ძლიერი, ცაცია. მას შეუძლია ზრდა და საქმის კარგად შესრულება. ასევე, დავასახელებ გაბრიელ სიგუას, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, 2005 წელს დაიბადა და უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. ძალიან ნიჭიერია, ევროპული კლუბების მხრიდან ყურადღებას იმსახურებს.
ტექნიკური თვალსაზრისით ხვიჩა სრულყოფილი ფეხბურთელია. მას ყველაფერი: ძლიერი ფეხები, დიდებული სისწრაფე, დრიბლინგი და კარს ძალიან კარგად ხედავს“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.