ოთარ კიტეიშვილი, კრისტიან ილცერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„ფინალში ვართ, ტიტულს მოვიპოვებთ“ - კიტეიშვილმა ქომაგებს მიმართა

გრაცის „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი პირველ უცხოურ ტიტულთან ახლოსაა. ავსტრიის თასის ნახევარფინალში გრაცულმა გუნდმა შინ ლასკ-ი ტომი ხორვატის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ვენის „რაპიდი“ იქნება. 

მატჩის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია, ლასკ-თან გამარჯვების შემდეგ გუნდის ქომაგებს მიმართა:

„ყველას მივესალმები, სტადიონზე საოცარი გარემო და ბრწყინვალე თამაში იყო. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გიხილავთ კლაგენფურტში, ჩვენ თასის ფინალში ვართ, ტიტულს მოვიპოვებთ“.

კიტეიშვილმა ავსტრიულ მედიასთან საუბარში აღნიშნა: „სეზონის დასაწყისში ვთქვით, რომ თასის მოპოვება გვსურდა. ახლა ფინალში ვართ და რა თქმა უნდა ფინალის მოგება გვსურს. თასის ყოველი მატჩი დაძაბული და რთული იყო, რაც განსაკუთრებით ლასკ-თან მატჩზე ითქმის. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა ახლა იწყება“.

ოთარმა ლასკ-თან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. ქართველ ფეხბურთელს 66-ე წუთზე მინი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, 85-ზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„შტურმის“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ილცერის კომენტარი: „ბრწყინვალე საფეხბურთო საღამო იყო, თასის ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა. სეზონის სტარტიდან მოყოლებული ჩვენი მიზანი ავსტრიის თასის მოგება იყო“.

ავსტრიის თასის ფინალი 30 აპრილს კლაგენფურტში, 28 Black Arena-ზე  გაიმართება.

ოთარ კიტეიშვილი 2018 წლის ზაფხულიდან „შტურმის“ ფეხბურთელია, ტიტულთან ყველაზე ახლოს 2021-22 წლების სეზონში იყო, როცა მისი გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ რიგებში 19 მატჩი ჩაატარა (3 - ავსტრიის თასი, 11 - ბუნდესლიგა, 5 - ევროპა ლიგა). ბუნდესლიგაში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ფეიენორდს“ გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპას აჯადოებს“ - GOAL-ი მამარდაშვილზე წერს
„კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპას აჯადოებს“ - GOAL-ი მამარდაშვილზე წერს