„კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპას აჯადოებს“ - GOAL-ი მამარდაშვილზე წერს
ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, GOAL-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე დაწერა. GOAL-მა ხვიჩა კვარაცხელია ახსენა და განაცხადა, რომ „კვარა“ ერთადერთი ქართველი არაა, ვინც ევროპას აჯადოებს.
„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე სეზონის უდიდესი სიურპრიზია. დინამო ბათუმიდან გადმოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატს ტორნადოსავით გადაუარა და ლუჩანო სპალეტის ნაპოლის ბრწყინვალე სვლის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მალევე გახდა.
ნეაპოლელთა 77 ნომერი ერთადერთი ქართველი არაა, ვინც ევროპას აჯადოებს. მისი თანამემამულე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიას მეკარეა, ესპანური კლუბის მაისურით ბრწყინავს და ევროპული გრანდების მოხიბვლაც მოახერხა. ესპანური მედიის თქმით, ვალენსია პრემიერ ლიგის კლუბებიდან სერიოზულ წნეხს გრძნობს და ისინი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. COPE-ს მიხედვით, მამარდაშვილის აგენტები ლონდონში იმყოფებოდნენ და ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, შემდეგ კი ლივერპულისა და ჩელსის მატჩს დაესწრნენ. ლურჯების გარდა, იგი ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე იმყოფება.
ვალენსიაში 850 000 ევროდ გადასულმა მამარდაშვილმა სექტემბერში კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. გასავარდნ ზონაში ყოფნამ და ფინანსურმა პრობლემებმა ჩეს აიძულეს, ქართველი მეკარის გასხვისების თაობაზე მოლაპარაკებები დაეწყო, თუმცა კონკრეტული წინადადება ჯერ არ ყოფილა. მამარდაშვილი მომდევნო რამდენიმე თვეს ესპანეთში გაატარებს, თუმცა პრემიერ ლიგის გრანდები ყურადღებით არიან და მისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყო“, - წერს GOAL-ი.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.