ორტეგა თოფურიას აფრთხილებს: „ტოპ 5 საერთოდ სხვა სამყაროა“
UFC-ის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ორტეგამ, რომელიც „ელ მატადორმა“ რამდენჯერმე გამოიწვია, ქართველი მებრძოლი გააფრთხილა და განაცხადა, რომ თუ ილია ჯოშ ემეტს დაამარცხებს, მზადაა, მასთან იჩხუბოს.
„ილიას ემეტის წინააღმდეგ აქვს ბრძოლა და ვნახოთ, რას იზამს. თუ ჯოშს გასცდება, მზად ვართ, მის გუნდთან საუბარი დავიწყოთ. UFC-ში, ტოპ 10-ს მიღმა განსხვავებული ვითარებაა, ტოპ 10 საერთოდ სხვაა, ტოპ 5 კი სულ სხვა სამყაროა. ბოლო 6-8 წელია ტოპ 5-ში ვიმყოფები და ეს ყველაფერს ამბობს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და წინ 5-რაუნდიანი ბრძოლა გველოდება. ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. ორტეგას რაც შეეხება, იგი მე-3 გახლავთ.
თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება. ემეტმა ბოლოს იაირ როდგირესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.