კიდევ ერთი ქართველი იტალიაში | კვერნაძის ტრანსფერთან ახლოს არიან
„დინამო ბათუმის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ რადარზე დიდი ხანია იმყოფება. ცნობილი იტალიური გამოცემის, Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „კანარინი“ მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და მიზანთან ახლოსაა.
„ფროზინონე“ სერია B-ში ასპარეზობს და 63 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „კანარინი“ მეორეადგილოსან „ჯენოას“ 4 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „ბარის“ 10 ქულით უსწრებს და უმაღლესი დივიზიონის საგზურის განაღდება უახლოეს ტურებში შეუძლია. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, სერია A-ში დაწინაურების შემდეგ, „ფროზინონე“ რამდენიმე ტრანსფერს გაჩარხავს და ერთ-ერთი ახალწვეული კვერნაძე იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, იმავე Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „ფროზინონეს“ ტექნიკური დირექტორი, გვიდო ანგელოძი საქართველოში იმყოფებოდა, რათა კვერნაძის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები გაემართა. „კანარინის“ გარდა, მას „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ უკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, 21 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი კვერნაძეს 300 000 ევროდ აფასებს.