„მესიმ და ნეიმარმა გუნდი უნდა დატოვონ, მათ პსჟ-სთვის სარგებელი ვერ მოიტანეს“
პსჟ-სა და „მონაკოს“ ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ჟერომ როთენი თვლის, რომ მესიმ და ნეიმარმა პსჟ უნდა დატოვონ.
„მისი კონტრაქტი მთავრდება, ამიტომ პსჟ-სთვის ლეო მესისთან განშორება ძალიან ადვილი იქნება. ნეიმარის შემთხვევა ცოტა უფრო რთულია. ჩვენ ვიცით, რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას კლუბში კონტრაქტის თვალსაზრისით. შეძლებს თუ არა ნეიმარი გასახდელში დათანხმდეს სხვა როლის?
ჩემთვის მესისთან განშორებას აზრი აქვს. მაგრამ ასევე ლოგიკური იქნება იმ ფეხბურთელების გასხვისება, რომლებიც კლუბში ოთხი, ხუთი, ექვსი, ათი წელია თამაშობენ. იქნებ სწორედ აქ არის საჭირო ცვლილებების განხორციელება.
ზოგი იტყვის, რომ მესის სტატისტიკა წელს უკეთესია. მისი სტატისტიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავი სეზონის პირველ ნაწილში იყო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლეო ნეიმარის მსგავსად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა.
სეზონის დასაწყისში დიდი ეჭვები გვქონდა. დიდი ეჭვები გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ჩამოვიდოდნენ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
ორი მოთამაშისთვის, რომლებსაც პსჟ-ში განსაკუთრებული სტატუსი აქვთ, მათი წვლილი ძალიან მცირეა. ვერ ვიტყვით, რომ ლეო მესიმ თავისი სტატისტიკით სეზონი გადაარჩინა, საერთოდ არა. ველოდით, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა დიდ თამაშებში, ისევე როგორც ნეიმარი. რომ ისინი პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გაიყვანენ, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ეს ვერ მოახერხეს.
მე მკაცრი ვარ ჩემს კრიტიკაში, რადგან ეს ჩემს იმედგაცრუებას შეესაბამება. მესი წარმოადგენს ფეხბურთს, ყველაფერს, რაც მიყვარს ფეხბურთში. ის შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ საუკეთესო მოთამაშეა, ყველა თაობებს შორის, მაგრამ მე მისი პარიზული 2-წლიანი კარიერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
მხოლოდ მინდორზე მის წვლილზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ ინტერვიუებში კლუბის დაცვაზე, იმის ჩვენებაზე, რომ პარიზში ბედნიერია... პირიქით, მისგან რაღაც უარყოფითი ყოველთვის გვინახავს. და როგორც კი დასვენების დღე აქვს, იმწამსვე ბარსელონაში მიდის.
ეს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კლუბია, მაგრამ კლუბი, რომელსაც აქვს ისტორია, კლუბი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს. თქვენ უნდა დააყენოთ თავი პარიზელი ფეხბურთელების ადგილას. მესის ეს არასდროს გაუკეთებია, ამიტომ მე მას ამ ყველაფერში ვადანაშაულებ",
- განაცხადა როთენმა RMC Sport-თან საუბრისას.