„მილანთან პირველ თამაშს გამოტოვებს“ - ენრიკო ფედელე ოსიმენის ტრავმაზე
„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ ქომაგებისთვის ცუდი ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო აგენტმა ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არის შანსი, მან „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი ორივე მატჩი გამოტოვოს.
„ექიმმა, რომელიც ჩემი მეგობარია, ცუდი ინფორმაცია მომაწოდა და მითხრა, რომ პირველ შეხვედრაში ოსიმენის თამაში უნდა დავივიწყოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ საპასუხო მატჩში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ამის ალბათობა 60 პროცენტია. თუ შანსი გაჩნდა, ნიგერიელს სურს, რომ ორივე შეხვედრაში იასპარეზოს“.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი გუნდს საზარდულის ტრავმის გამო ვერ ეხმარება. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მას 10-12 დღე გაუცდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან“ გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებდა, თუმცა მეორე თამაშში მონაწილეობას მიიღებდა.
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 12 აპრილს, „სან სიროზე“ ჩატარდება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული, ნახევარფინალში „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.