კასანო: „სისულელეა თითქოს ნაპოლიმ მილანთან განზრახ წააგო“
„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ფაბიო კარესას ჰიპოთეზას გამოეხმაურა. კარესას ვარაუდით, „ნაპოლიმ“ „მილანთან“ სერია A-ში განზრახ წააგო, რათა „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას შედარებით მოდუნებული შეხვდეს.
„კარესა არაკომპეტენტური ჟურნალისტია, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია და წარმოდგენა არ აქვს, ბურთი მრგვალია თუ ოთხკუთხედი. როგორ შეიძლება, თქვა, რომ ნაპოლიმ განზრახ წააგო? თან არიან ადამიანები, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ...
Sky Sport Italia-ს გამო, რომელიც იტალიაში ნომერ პირველი სატელევიზიო არხია, ძალიან ვწუხვარ, რადგან არაკომპეტენტურ ადამიანებს აძლევს მუშაობის საშუალებას. ნაპოლი ამ მატჩს განზრახ არასდროს წააგებდა. მათ გამარჯვება უნდოდათ და უბრალოდ ცუდი შეხვედრა ჩაატარეს“.
რა თქვა კარესამ
„არ გგონიათ, რომ მილანთან გასამართი 3 მატჩის პირველ შეხვედრაზე ნაპოლის ბევრი არ უფიქრია, რადგან ჩემპიონობა განაღდებული აქვს? ბილიარდს თუ თამაშობთ, გეცოდინებათ, რომ პირველ პარტიას განზრახ აგებენ ხოლმე, რადგან მომდევნო პარტიებისას მეტოქე მოდუნებული იყოს. მილანის ადგილას, ამ მატჩის შედეგს ყურადღებას არ მივაქცევდი და ყველაფერთან ერთად, ოსიმენის გარეშე ნაპოლიში საერთოდ სხვა განწყობა და გარემო იყო“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მომდევნო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.