გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
დონეცკის „შახტარის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ახალგაზრდა უკანახაზელმა „ჩერნომორეცის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და UA Football-ს მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ლეგიონერმა ჩერნომორეცთან შემტევის პოზიციაზე უფრო ითამაშა, ჩვენ მას მარჯვენა განაპირა მცველად დავაყენებთ. მე-19 ტურში, შახტარის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. როგორც ჩანს, კონოპლიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა“, - წერს უკრაინული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ჩერნომორეცისა“ და „შახტარის“ დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა, მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და მახვილი კუთხიდან ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. მან მოედანზე 72 წუთი გაატარა.
ცნობისთვის, გოჩოლეიშვილმა „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრებს შორის ეროვნული გუნდის რიგებში მონღოლეთთან და ნორვეგიასთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მარტის სანაკრებო პაუზამდე გოჩოლეიშვილი სასტარტო 11-ეულში ლვოვის „რუხთან“ შეხვედრაში ვიხილეთ.