გასახდელში ადგილი არ იყო | მუდრიკი და მადუეკე ტანსაცმელს დერეფანში იცვლიდნენ
ლონდონის „ჩელსი“ ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან აქტიური იყო და საბოლოოდ, გუნდში მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. როცა „ლურჯების“ რიგებში ტრავმირებულთა რაოდენობა შემცირდა, „არისტოკრატების“ ექს-თავკაცს, გრემ პოტერს მუშაობა 33-40 ფეხბურთელთან უწევდა.
The Athletic-ის ცნობით, ყველა მოთამაშე თვლიდა, რომ პირველ გუნდში მოხვედრის ღირსი იყო და რამდენჯერმე ვარჯიშებზე ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიიწვიეს. შედეგად, ვარჯიშებისას მოთამაშეთა რაოდენობამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ „ჩელსის“ საწვრთნელი ბაზის გასახდელი მათ ვერ იტევდა და რამდენიმე მათგანს ადგილი უბრალოდ არ ჰქონდა.
ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მიხაილო მუდრიკი და ნონი მადუეკე იმ ფეხბურთელებს შორის იყვნენ, რომლებიც იძულებული ხდებოდნენ, ტანსაცმელი გასახდელში კი არა, დერეფანში გამოეცვალათ. ამასთან, როცა პოტერი გასახდელში შედიოდა და ფეხბურთელებს ესაუბრებოდა, რამდენიმე მათგანს იატაკზე უწევდა დაჯდომა.
The Athletic-ის ცნობით, კლუბში შექმნილმა სიტუაციამ გავლენა სავარჯიშო პროცესზეც იქონია. ერთ-ერთი ბოლო სესიისას, „ჩელსის“ ფეხბურთელებმა მოახერხეს და 4 გუნდი დააკომპლექტეს. ერთ სტადიონზე 11 vs 11-ზე თამაშობდნენ, მეორეზე - 9-9-ზე.