„ეს წაგება ნაპოლის წაადგება“ - დი კანიო და კასანო მილანი VS ნაპოლიზე
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელებმა, პაოლო დი კანიომ და ანტონიო კასანომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, „როსონერისთან“ 0:4 წაგებული მატჩი „პარტენოპეის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი შეხვედრებისთვის წაადგება და ძალიან დაეხმარება.
რა თქვა დი კანიომ
„ასეთი შედეგი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პიოლიმ ტაქტიკა შეცვალა და იპოვა გზა, რომლითაც ნაპოლის ნახევარდაცვის ხაზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მილანი დრიბლინგისას და ბურთის კონტროლისას ბრწყინვალე იყო, რის გამოც, პარტენოპეის ნახევარმცველები იძულებული გახდნენ, დიდი დრო მეტოქეების დევნაში გაეტარებინათ. შედეგად, თავისუფალი სივრცეები გაჩნდა, რომლებიდანაც მილანმა სარგებელი მიიღო. ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის ანალიზს არ გავაკეთებ, რადგან ნაპოლიმ გუნდურად წააგო. ლობოტკა საკუთარ თავს არ ჰგავდა, იგივე ეხებათ კვარაცხელიასა და ზამბო ანგისას. ნაპოლი ნაპოლი არ ყოფილა და მილანმა ყველა კომპონენტში აჯობა.
ჩემი აზრით, 0:4 წაგებული მატჩი ნაპოლის ძალიან წაადგება. სერია A-ში ეს შედეგი ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებული ვითარება გვექნება. პარტენოპეი მილანთან დუელს უფრო ყურადღებით მოეკიდება და მეტად კონცენტრირებული იქნება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მეოთხედფინალურ მატჩებს გაბრაზებული შეხვდება და ნაპოლისთვის ეს მარცხი უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე გამარჯვება, რომელიც არაფერს შეცვლიდა“.
რა თქვა ანტონიო კასანომ
„2023 წელს, ეს პირველი მატჩი იყო, რომელშიც ნაპოლი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მილანმა უკეთ იასპარეზა და შესანიშნავი გახლდათ, პარტენოპეიმ კი უამრავი შეცდომა დაუშვა და მარტივად თამაშობდა. როსონერი ბურთზე ყოველთვის პირველი იყო და მოგება მეტოქეზე მეტად უნდოდა. ბოლო 8 თვის განმავლობაში, ეს ნაპოლისთვის პირველი დაბრკოლება გახლდათ და ვფიქრობ, ეს გუნდზე კარგად იმოქმედებს და უპირატესობას მისცემს. მილანმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და გაუჭირდება, იგივე გაიმეოროს. თანაც ნაპოლი ბევრად კარგი გუნდია, ვიდრე ბოლო შეხვედრაში ვნახეთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ამ გუნდების პირველი მატჩი 12 აპრილს გაიმართება და მასპინძელი „მილანი“ იქნება. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული.