Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჰიპოთეზა ნაპოლის მარცხზე - „ბილიარდშიც ამას აკეთებენ“
სერია A-ს 28-ე ტურში, „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. „როსონერის“ ტრიუმფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სტეფანო პიოლის გუნდი ბევრმა ჟურნალისტმა თუ ცნობილმა ადამიანმა შეაქო, თუმცა ფაბიო კარესა მათ შორის არ ყოფილა. ეს უკანასკნელი სატელევიზიო არხის, Sky Sport Italia-ს ჟურნალისტია და მისი აზრით, „პარტენოპეიმ“ „შავ-წითლებს“ მოგების საშუალება მისცა.
„არ გგონიათ, რომ მილანთან გასამართი 3 მატჩის პირველ შეხვედრაზე ნაპოლის ბევრი არ უფიქრია, რადგან ჩემპიონობა განაღდებული აქვს? ბილიარდს თუ თამაშობთ, გეცოდინებათ, რომ პირველ პარტიას განზრახ აგებენ ხოლმე, რადგან მომდევნო პარტიებისას მეტოქე მოდუნებული იყოს. მილანის ადგილას, ამ მატჩის შედეგს ყურადღებას არ მივაქცევდი და ყველაფერთან ერთად, ოსიმენის გარეშე ნაპოლიში საერთოდ სხვა განწყობა და გარემო იყო“.
აღსანიშნავია, რომ კარესას Sky Sport Italia-ზე გადაცემა ბეპე ბერგომისთან და ლუკა მარჩეგანისთან ერთად მიჰყავს და მისი პოზიცია არც ერთმა გაიზიარა. მათი აზრით, „ნაპოლის“ ძალები არ დაუზოგავს და „მილანმა“ მეტოქეს პირწმინდად აჯობა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მომდევნო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.