BILD: ნაგელსმანი კურორტზე ისვენებდა და ბაიერნის ზარებს არ პასუხობდა
BILD-ის ცნობით, კონტრაქტის გაწყვეტამდე მიუნხენის „ბაიერნის“ ზარებს იულიან ნაგელსმანი არ პასუხობდა, რომელიც ავსტრიაში, სათხილამურო კურორტზე ისვენებდა. ოლივერ კანის თქმით, ნაგელსმანი პირველი იყო, რომელმაც კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიტყო, თუმცა სამენეჯერო კომპანია Sports360-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სიმართლე არაა.
Sports360: „მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა. იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლებსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის საუბარი მაშინ შედგა, როცა ამ თემაზე მედიაში ინფორმაცია გავრცელებული იყო. მედიაში გავრცელებულ ყველა ჭორების შემდეგ ნაგელსმანის წარმომადგენლები სალიჰამიჯიჩს თავად დაუკავშირდნენ“.
BILD-ის ცნობით, საკითხი მხარეებს შორის არ განხილულა და იულიან ნაგელსმანი გარდაუვალი გადაწყვეტილების წინაშე დააყენეს, რომ მას პოსტი აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. მიუნხენურ კლუბში ამტკიცებენ, რომ იულიანს არაერთხელ დაურეკეს, რამდენიმე ზარი განახორციელეს და მისგან საპასუხო ზარი არ მიუღიათ.
მიუხედავად ამისა, ამავე დღის საღამოს „ბაიერნის“ წარმომადგენლები ნაგელსმანს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყო, მას ოლივერ კანთან და ჰასან სალიჰამიჯიჩთან შეხვედრა უნდა გაემართა. მომდევნო დღეს ნაგესლმანს პერსონალურად აცნობეს, რომ კლუბმა მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ ნაგელსმანის წასვლა და ტომას ტუხელის დანიშვნა 24 მარტს გამოაცხადა. წინა დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი მწვრთნელს იცვლიდა.