„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის დაწყებამდე, ფერარას ქართველ და პორტუგალიელ გარემარბებზე ჰკითხეს და ჩირომ მათ შორის არსებული განსხვავებები დაასახელა.
„ლეაუმ დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს, შეტევაში კი საკუთარ ინსტინქტებს მეტად ეყრდნობა. კვარაცხელია უფრო გუნდური მოთამაშეა. თუ ბურთს კარგავს, ეგრევე დაცვაზე ერთვება“.
„ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება „როსონერის“ ტრიუმფით დასრულდა. სტეფანო პიოლის გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დუელს ბრწყინვალე განწყობით ხვდება. ლეაუმ „მილანის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და დუბლი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები მომდევნო დღეებში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. 12 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე, „მილანი“ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით უმასპინძლებს, 6 დღეში კი მათ საპასუხო შეხვედრას ვიხილავთ.