ლიონელ მესის უსტვინეს - ანრიმ პარი სენ-ჟერმენის ქომაგები გააკრიტიკა
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „რენთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, პარიზული გრანდი „ლიონს“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართული მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო - 0:1.
შეხვედრის დაწყებამდე, როცა პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადეს, „პარკ დე პრენსზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ლიონელ მესის უსტვინა. პარიზელი ქომაგების ქმედებებს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი გამოეხმაურა და ისინი გააკრიტიკა.
„სამარცხვინო იყო, პარკ დე პრენსზე სტვენის გაგონება. არ შეიძლება, უსტვინო გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. პირადად მე, ვისურვებდი, რომ ლეომ კარიერა ბარსელონაში დაასრულოს. არ ვიცი, როგორ მოიქცევა, მაგრამ არ მომეწონა ბარსელონა როგორ დატოვა... ფეხბურთის სიყვარულის გამო, ის ბარსაში უნდა დაბრუნდეს“.
შეგახსენებთ, რომ „ლა პულგას“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერება. „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ მესის საკუთარ რიგებში ხილვა სურთ და ნელ-ნელა არგენტინელის გაფორმების შანსები ეზრდებათ.