„თქვენ მოიგეთ სერია ა, რა ჯანდაბა გინდა?“ - მალდინი-სპალეტის დაპირისპირება
იტალიური მედიის ცნობით, სერია ა-ში „მილანი“ - „ნაპოლის“ მატჩის შესვენებაზე ლუჩანო სპალეტიმ რაფაელ ლეაუს გოლის აღნიშვნის ჟესტი დაუწუნა. Areanapoli-ს ინფორმაციით, სპალეტიმ პორტუგალიელს ასე მიმართა: „შენ შეცდომა დაუშვი“.
 
No intervalo do Nápoles-Milan, Luciano Spalletti e Paolo Maldini tiveram uma pequena discussão no túnel pros balneários.
— GonçaloDias17 (@goncalo_diass17) April 2, 2023
A razão não é clara.pic.twitter.com/M2c9iI3qX0
სპალეტის სიტყვებს „მილანის“ ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის უხეში პასუხი მოჰყვა. პაოლომ სპალეტის უთხრა: „მისტერ, ნერვიულობ, მაგრამ თქვენ მოიგეთ სერია ა, რა ჯანდაბა გინდა?“
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სპალეტიმ ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. სპალეტის თქმით, მალდინი საუბარში მაშინ ჩაერთო, როცა ლუჩანო არბიტრს ესაუბრებოდა და ლობოტკასთვის მიცემული ყვითელი ბარათის ახსნას სთხოვდა. ამ კომენტარიდან გამომდინარე ის ვერსია გამოირიცხა, რომლის მიხედვით მალდინი სპალეტის მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა ლუჩანო ლეაუს ესაუბრებოდა და მისი აღნიშვნის ჟესტით უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ: „მინდორზე ვბრუნდებოდი, არბიტრს ვკითხე აეხსნა, თუ რატომ მისცა ყვითელი ბარათი ლობოტკას, მაგრამ მალდინი უმალ მოვიდა ხელების ქნევით. ლაპარაკის უფლება უნდა მომცე და ხელი არ უნდა შემიშალო, როცა მესამე პირს ვესაუბრები. მან საუბარში ხელი შეგვიშალა და ასეთი რაღაცები ცოტა არასასიამოვნოა. უპატივცემულოდ მოიქცა. სამწუხაროა, რადგან ის პაოლო მალდინია“.
სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „მილანთან“ 0:4 დამარცხდა, რაფაელ ლეაუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელის გარდა ბრაჰიმ დიასმა და ალექსის სალემაკერსმა გაიტანეს.
„ნაპოლი“ სერია ა-ს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. „მილანი“ 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.