ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ნაპოლის უშანსო მარცხი მილანთან - კვარამ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ნეაპოლელთა ასეთი მარცხი ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან სპალეტის გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებლად თამაშს მიგვაჩვია, თუმცა დღეს მასპინძლები ბევრ კომპონენტში მოიკოჭლებდნენ და ალბათ, თამაშის მიმდინარეობისგან გამომდინარე წაგება დაიმსახურეს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა, თუმცა მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა. შესამჩნევი იყო შეტევაში ნეაპოლელთა არადამაჯერებელი თამაში და ეს დიდწილად ვიქტორ ოსიმენის არყოფნით იყო გამოწვეული.

ანგარიში პირველ ნახევარში, მე-17 წუთზე რაფაელ ლეაუმ გახსნა, რომელმაც ბრაჰიმ დიასის შედეგიანი გადაცემა გამოიყენა, 25-ე წუთზე კი თავად ბრაჰიმმა გაიტანა და მილანელთა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა „ნაპოლის“ კარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მერეტის კარი 59-ე წუთზე ჯერ ლეაუმ აიღო, რომელმაც დუბლიც გაიფორმა, 67-ე წუთზე კი საელემაკერსმა მე-4 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღნიშნული მარცხით „ნაპოლისთვის“ არაფერი იცვლება, რადგან სპალეტის გუნდს სატურნირო ცხრილში კონკურენტებთან საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ სამი ქულა უფრო მეტად „მილანს“ სჭირდებოდა. 28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ პირველ ადგილზეა 71 ქულა აქვს, „მილანმა“ კი ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე აღზევდა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის ლამაზი გოლი - შტურმმა რაპიდს მოუგო
კიტეიშვილის ლამაზი გოლი - შტურმმა რაპიდს მოუგო