ნადია ნადიმი
Aa Aa

“მამა მომიკლეს და ავღანეთიდან გამოვიქეცი“ - მე ნადია ნადიმი ვარ

„იცით? ხანდახან გული მწყდება იმის ფიქრზე, თუ როგორები გავხდით ადამიანები.. ვიცი ამაზე საუბრის გამო ვიღაცები გამაკრიტიკებენ.. ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ყურადღება სპორტს უნდა მივაქციოთ და პოლიტიკოსები არ ვართ..

მაგრამ ეს სისულელეა..

ყველას, აბსოლუტურად ყველას აქვს პასუხისმგებლობა, შეეცადოს გააუმჯობესოს სხვა ადამიანის ცხოვრება..

და ჩემი ისტორიის გამო.. მამაჩემის სიკვდილით დასჯა.. ავღანეთიდან გაქცევა.. ვგრძნობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია!

ახლა ყველა  Black Lives Matter საპროტესტო აქციებზე და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე საუბრობს.. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ზოგადად მიყვარს ქუჩაში ხალხის ყურება და რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა..

ვიმედოვნებ, ერთ დღეს ეს ყველაფერი რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. სამწუხაროდ, სამყაროში კიდევ არის ერთი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც არ მინდა, რომ დაგავიწყდეთ..

ლტოლვილების დიდ რაოდენობას წასასვლელი, საკვები და საცხოვრებელი არ აქვს. ბევრს კი ევროპაში შესვლაც ეკრძალება.. ხოლო ვისაც უშვებენ, მათ ეჭვით უყურებენ. ამის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ ადამიანები სხედან და არაფერს აკეთებენ.. ეს ძალიან მაწუხებს!

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ შედიან მათ ქვეყნებში ლტოლვილები. მოდით პირდაპირ გიპასუხებთ. საკუთარ სახლს ნებაყოფლობით არავინ დატოვებს! ისინი იძულებულნი არიან!! ისინი ომს გაურბიან!!

ზოგი იტყვის: „კი მაგრამ, რატომ არ რჩებიან და იბრძვიან?“

გახსოვთ, როცა კორონავირუსი გავრცელდა ხალხი რას შვრებოდა? ყველა სუპერმარკეტში გარბოდა და ტუალეტის ქაღალდს ყიდულობდა, თითქოს სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა. ეს არის ალბათ 0.00001 % იმ საფრთხის, რაც ამ ლტოლვილებს განუცდიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მე აღფრთოვანებული ვარ Black Lives Matter-ის პროტესტით, მაინც ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რაც მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში ხდება..

მაგალითად აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. ადამიანები ამას პირდაპირ ხედავენ, მაგრამ რეალურად სიმძიმეს ვერ აღიქვამენ. დანიაში 12 წლის ასაკში ჩავედი და აქ ყველაფერი განვითარებულია. იცით? თუ ორი დანიელი ადამიანი აფრიკაში დაიღუპება ამას ნამდვილ ტრაგედიად გამოაცხადებენ, მაგრამ ადგილობრივების სიკვდილი არავის აინტერესებს..

მინდა, რომ ასეთ ხალხს დავეხმარო მაქსიმალურად მიაწვდინონ ხმა მსოფლიოს. სწორედ ამიტომ ვარ ჩართული ამდენ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციაში.  დანიაში ადამიანების უმეტესობა მიცნობს. ასე რომ, როცა მე კენიაში ჩავდივარ ყველა ამბობს: „რა კარგია, ნადია აქ არის.“

ამ ინტერვიუთი სწორედ ამის გაკეთება მინდა. თუ ტელევიზორში არ გინახივარ, თუ ჩემი ამბავი არ იცი, თუ არ იცი როგორია ომისგან გაქცევა(ღმერთო, იმედი მაქვს, რომ არ იცი)მაშინ ღვედი შეიკარი და მომისმინე!

ეს არ იქნება სასიამოვნო მოგზაურობა და ამას არავის ვუსურვებ!

მაგრამ ეს ხდება მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ახლა ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს. ერთის მხრივ, ჩემი ისტორია უმეტესი ლტოლვილის ცხოვრებას არ წარმოადგენს. მე ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანი ვიყავი, რადგან უსაფრთხო უბანში ვცხოვრობდი..

და მაინც, ჩემი ბავშვობა იმ ნივთების თავიდან აცილებას უკავშირდება, რომლებსაც შეიძლება მოვეკალი..

მოგეხსენებათ, ავღანეთი დიდი ხანია სამოქალაქო ომშია ჩართული. 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც მე პატარა ვიყავი, თალიბებმა ქაბული ავღანეთის დედაქალაქი აიღეს. მამაჩემს რაბან ხანი ერქვა. ის ავღანეთის ეროვნული არმიის გენერალი და ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო. ამის გამო ჩემი მთელი ოჯახი - მე ჩემი 4 და და დედაჩემი ქაბულში, დახურულ უსაფრთხო კომპლექსში ვცხოვრობდით. უსაფრთხოების შემოწმების გარეშე შესვლა და გამოსვლა არავის შეეძლო. ეს ყველაფერი დიდ ბუშტს ჰგავდა და თავს დაცულად ვგრძნობდით..

ვიცოდით, რომ თუ ამ ტერიტორიას დავტოვებდით, შეიძლება რაღაც ცუდი მომხდარიყო. თალიბები ქალებს სკოლაში სიარულის ან მარტო სადმე გასვლის უფლებას არ აძლევდნენ. ქუჩაში უამრავი ადამიანი იყო, რომლებსაც ჩვენი გატაცება სურდათ. შემდეგ კი მამაჩემს გამოსასყიდს მოსთხოვდნენ. ამიტომ, ბრძანებებს ყოველთვის ვემორჩილებოდით.

როდესაც ბავშვი ხარ, ამ ყველაფერს მარტივად ასრულებ. თავი რაღაცნაირად მაგარი გგონია..

ჩვენს ოჯახზე ავღანურმა კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა. იქ სოციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. გინდა ხალხს აჩვენო, რომ კარგად ხარ. როდესაც შენთან სტუმრები მოდიან აუცილებლად საუკეთესო საკვებით უნდა გაუმასპინძლდე. არ აქვს მნიშვნელობა ღარიბი ხარ, თუ მდიდარი..

არავის აქვს უფლება ბავშვებს სადილის დროს ესაუბრონ. ეს ცუდი მანერებია. დედა გარეთ სათამაშოდ მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გვიშვებდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავირუჯებოდით. მუქი კანი კი იმას ნიშნავს, რომ  შენ მთელი დღე გარეთ მუშაობდი და ღარიბი ხარ. იგივე შეხედულებაა, თუ გამხდარი ხარ..

ეს არის აზროვნება, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში ჰქონდათ და ავღანეთი აქედან ნამდვილად არ გამოსულა. ამ კულტურამ დედაჩემზეც ძალიან იმოქმედა. დღესაც კი, როცა მე თავისუფალი ადამიანი ვარ და რუჯს ვიღებ ის ყოველთვის ნერვიულობს. რუჯის მიღება ძალიან მიყვარს, რადგან ეს გასაოცარი რამ გახლავთ. დედა კი სულ მეუბნება: „რატომ არ ისვამ მზისგან დამცავ კრემს?“

მამას ხშირად ვერ ვხედავდით და ჩვენზე ყოველთვის დედა ზრუნავდა. ერთის მხრივ უცნაური შეგრძნება გვქონდა, რადგან ის გავლენიანი გენერალი იყო და სულ მუშაობდა, მაგრამ, როცა სახლში იყო გვეთამაშებოდა. ჩვენ კი ასეთი კაცის ზურგზე შეხტომა შეგვეძლო. ის CIA-ს აგენტს და კგბ-ს ჯაშუშს ჰგავდა გესმით? არადა რეალურად ის სუპერ ჭკვიანი ადამიანი იყო. ბევრს ვარჯიშობდა და ბრწყინვალე აღნაგობა ჰქონდა. გაღვიძებისას მუდამ მის ვარჯიშს ვხედავდით.

ერთ დროს სპორტითაც იყო დაკავებული. ავღანეთის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ასევე ფეხბურთი უყვარდა ძალიან. იცით? ფეხბურთის თამაში სწორედ მან მასწავლა. ახლა, როცა ამაზე ვსაუბრობ, შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი 100 წლის წინ მოხდა, მაგრამ ეს არის მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

მსოფლიოსთვის ის დიდი, გავლენიანი და მნიშვნელოვანი გენერალი იყო - რაბან ხანი!

ჩვენთვის კი ის უბრალოდ კარგი მამა იყო..

2000 წლის ერთ დღეს, მამა მანქანით ერთ-ერთ მინისტრთან შესახვედრად წავიდა. იმ დროს, თალიბებს უკვე აღარ მოსწონდათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ. ამავე პერიოდში უამრავი ადამიანი გაქრა.. და მას შემდეგ, რაც მამაჩემი იმ შეხვედრაზე წავიდა უკან აღარ დაბრუნებულა..

დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. მე მხოლოდ 12 წლის ვიყავი. უბრალოდ ვიცოდი, რომ დედაჩემი ძალიან მოწყენილი იყო. როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბავშვებთან თამაშისთვის არავის აქვს დრო. ჩვენ ბრძანებებს ისევ ვემორჩილებით, მაგრამ გვესმოდა, რომ რაღაც დიდი და ცუდი მოხდა..

გვესმოდა ფრაზები: „ქალს ქუჩაში ხელი მოაჭრეს, რადგან არასწორად გაიშვირა.“

ეს ძალიან დიდ სტრესში გვაგდებდა. დედა ძალიან ნერვიულობდა, რადგან მამა დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა..

მალე ჩემი ოჯახის წევრების სახეზე პანიკა შევამჩნიე. მამას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.. ეს შიში და გაურკვევლობა დიდხანს დამრჩა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ცუდი გრძნობა, რაც კი ცხოვრებაში შეიძლება გამოცადო.

ჩემს გონებაში მამაჩემი ჯეიმს ბონდივით იყო და მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ცუდს უბრალოდ ვერ ვუშვებდი. როგორ შეიძლებოდა ასეთი კაცი გამქრალიყო? წლების შემდეგ, როცა გავიგეთ, რომ სიკვდილით დასაჯეს, არ მჯეროდა, რომ მას ეს დაემართა.. ყოველთვის ვგრძნობდი და მეგონა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა..

ამაზე საუბრისას ახლაც ემოციური ვხდები. ხშირად არ ვტირი, მაგრამ მაინც მაწუხებს..

დიახ, ეს 2000 წელს მოხდა. დედას უნდა გადაეწყვიტა რას იზამდა. ერთადერთი ინსტინქტი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა გადარჩენა იყო. ბოლოს დედამ თქვა: „არანაირი აზრი არ აქვს აქ დარჩენას. აქ ცოცხალი ვერ გადავრჩებით.“

ყველაფერი გაყიდა, რაც გვქონდა. ორი სახლი, მანქანები, სამკაულები და ასე შემდეგ.. დედამ დაგვავალა, რომ ჩვენი წასვლის შესახებ არავისთვის გვეთქვა, რადგან ასე საფრთხეში აღმოვჩნდებოდით.. ორი სპორტული ჩანთა ავიღე და ბარგი ჩავალაგე. ავტობუსში ჩავსხედით.. არ ვიცი იმ ღამეს რამდენი საათი ვიარეთ.

პაკისტანში ჩავედით, სადაც პატარა ბინაში დავსახლდით. კარგ ამბებს ველოდებოდით. ჩვენთან ადგილობრივი პატარა პაკისტანელი ულვაშებიანი ბიჭი მოდიოდა, რომელსაც თეთრი ნაციონალური ტანისამოსი ეცვა. ახალ ამბებს ის გვეუბნებოდა. იმ დროს არც ინტერნეტი იყო, არც ტელეფონი და აბსოლუტურად არაფერი.. ერთ დღეს მან გვითხრა, რომ ჩვენი შესაბამისი 4 ყალბი პასპორტი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დედას და 3 დას წასვლა შეეძლოთ, მაგრამ დედა ამას არ დათანხმდა..

საბოლოოდ, 1 თვის შემდეგ ის 5 პასპორტით დაბრუნდა. მეორე დილას მის ფურგონში ჩავსხედით პაკისტანურ ტანსაცმელში გამოწყობილი. დედამ დაგვარიგა, რომ აეროპორტში ხმა არ უნდა ამოგვეღო და უბრალოდ სპეციალური შემოწმებები გაგვევლო. თვითმფრინავში პირველად ჩავჯექი და აღფრთოვანებული ვიყავი..

იტალიაში მილანში ჩავფრინდით. დავსახლდით საშინელ სახლში, რომლის ნახევარიც მიწის ქვეშ იყო. ჩვენ ორი საწოლი, ორი დივანი, ჭუჭყიანი მაგიდა და ტუალეტი გვქონდა. ასევე იდგა ერთი პატარა ტელევიზორი, რომელიც Eurosport-ზე თხილამურებით ხტომას აჩვენებდა. ის ადგილი იმდენად დამპალი იყო, რომ კუთხეში ვისხედით და ვერ ვიძინებდით..

ორი დღის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპული გარეგნობის ბიჭი მოვიდა. შემოვიდნენ ჩვენს ბინაში და თქვეს: „ესენი არიან.“

მათ ძველი სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს. ლონდონში მივდიოდით.. რამდენიმე დღე სატვირთო მანქანის უკანა მხარეს სიბნელეში საკვების და სასმლის გარეშე ვისხედით. ძალიან ციოდა. ხმას ვერ ვიღებდით. არავის უნდა დავენახეთ. უცებ მანქანა გაჩერდა, კარი გაიღო და გვითხრეს: „ჩქარა, ჩქარა გაიქეცით.“

მე ჩემი დები და დედა მთელი სისწრაფით გავიქეცით. უკვე ლონდონში ვიყავით.. იქ ახლობლები გვყავდა, მაგრამ ლონდონი სხვანაირად წარმომედგინა..

ვიფიქრე, რომ საბოლოოდ შემეძლო რამე მეჭამა..

რამდენიმე საათის შემდეგ, დედამ მოხუცი კაცი დაინახა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა და ჰკითხა: „ჰეი, ახლა სად ვართ?“

მან თქვა: „ახლა თქვენ რანდერსში ხართ.“

თურმე ლონდონში არ ვიყავით..

დანიის პატარა ქალაქში აღმოვჩნდით..

შოკში ვიყავით, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა. ჯანდაბა, მთავარია, რომ უსაფრთხოდ ვიყავით. მივედით პოლიციის შენობაში, სადაც მათ ჩვენი საბუთები შეამოწმეს. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი პოლიციელი ჩვენთან მოვიდა და გვკითხა მშივრები ვიყავით, თუ არა..

ინგლისური და დანიური არ ვიცოდით, მაგრამ ის მუცელს ხელით იფხანდა და ეს შიმშილის საერთაშორისო ენაა. ჩვენ უბრალოდ თავი დავუქნიეთ და ვანიშნეთ, რომ გვშიოდა. მან პოლიციის მანქანით მაღაზიაში მიგვიყვანა რძე, ბანანი და ტოსტი გვიყიდა. ისე მშიოდა, რომ ის საკვები მსოფლიოში ყველაზე გემრიელად მომეჩვენა..

შემდეგ ოფიცერმა სანდჰოლმის ცენტრში მატარებელში ჩაგვსვა. იქ დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი სადგურია. იქაურობა ციხეს ჰგავს. მაქსიმალური დაცვა, მაღალი ღობეები, მავთულხლართები.. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც 2-სართულიანი სამხედრო სტილის საწოლები იდგა. ლურჯი ლითონის კარადები.. ხუთი გაყინული პიცაც მოგვცეს. გაყინული პიცა არასდროს მინახავს. აგვიხსნეს მომზადების წესი. ასეთი რამ არასდროს მინახავს..

ბანაკში უამრავი ეროვნების ადამიანი ვნახე. კონგოელი, ერაყელი, სომეხი, სომალელი.. ვნახე ბიჭი, რომელსაც სახეზე ნაიარევი ჰქონდა და ის ნამდვილ მკვლელს ჰგავდა. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ბანაკში ვიღაც დაჭრეს.. ეს ნამდვილად არ გამიკვირდა..

იქ ყოფნის პერიოდში პოლიცია ყველა ადამიანის ინფორმაციას ამოწმებდა. რაიმე დარღვევის შემთხვევაში ქვეყნიდან აძევებდნენ. ისინი სწორედ დეპორტისთვის იყვნენ აქ. ყოველდღე გვესმოდა კარზე კაკუნი.. ზოგი ნებაყოფლობით მიდიოდა, ზოგი კი იბრძოდა..

ორი თვის შემდეგ, ალბორგის მახლობლად ბევრად უფრო კარგ ბანაკში გადაგვიყვანეს. საკუთარი ოთახები და საერთო სამზარეულო გვქონდა. ეს დიდი შვება იყო.

მეტიც, ეს ჩვენთვის სამოთხე იყო..

ის ბანაკი უსაფრთხო და ღია იყო.. მე და ჩემი ასაკის ბავშვები სკოლაში დავდიოდით და დანიურს ვსწავლობდით. შემდეგ მივდიოდით და ბევრ რამეს ვთამაშობდით, მათ შორის ფეხბურთს დანგრეულ სტადიონზე..

ეს ყველაფერი ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ბიჭებს ვეთამაშებოდი და დრიბლინგით თავისუფლად ვატყუებდი. ვიწყებ იმის გააზრებას, რომ მემკვიდრეობით მამაჩემის ათლეტიზმი მერგო. ჩემი ერთ-ერთი და, რომელსაც სპორტი საერთოდ არ აინტერესებდა ასევე სპორტსმენი გახდა.

დროის გასვლასთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს დავუმეგობრდით. მაგალითად, დედაჩემი ერაყელ ქალთან დაახლოვდა, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს გაექცა. მისი სახელი ფატიმა იყო. ინგლისურად არავინ საუბრობდა და ერთმანეთს ჟესტების ენით ველაპარაკებოდით. დედაჩემი გმირია! მან დაკარგა ქმარი, წავიდა უცხო ქვეყანაში და 5 პატარა გოგოზე ზრუნავს. წარმოდგენაც არ მქონდა რა იქნებოდა მომავალში..

ყოველ დილით ლტოლვილები ამოწმებენ ოფისს, მიიღეს, თუ არა რაიმე წერილი. იქ უნდა ეწეროს გვქონდა, თუ არა დანიაში დარჩენის უფლება.. როდესაც ვინმეს დარჩენის უფლება ეძლევა, მთელი ბანაკი ზეიმობს. ვსვამდით, ვერთობოდით, ვცეკვავდით.. მუსიკას ვუსმენდით..

ახალ ბანაკში გადასვლიდან 7 თვის შემდეგ, ჩემს უმცროს დასთან დიანასთან ერთად გარეთ გავედით. სტადიონს ჩავუარეთ უკან, სადაც მინდორი იყო და კენკრა უნდა დაგვეკრიფა. ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდით.

დიანამ თქვა: „რა ბედი გველის ჩვენ?“

მე: „არ ვიცი.“

დიანა: „წარმოიდგინე აქ დარჩენა, რომ შევძლოთ..“

მე: „ეს ძალიან კარგი იქნებოდა.“

დიანა: „თუ დავრჩებით, უფრო ხშირად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს?“

მე: „მგონი შევძლებთ..“

იმ დღეს, როდესაც ბანაკში დავბრუნდით ყველა სამზარეულოში იყო შეკრებილი და რაღაცას ზეიმობდნენ. დედა ტიროდა, ფატიმაც ტიროდა..

წერილი იყო მოსული.. ჩვენ დარჩენის უფლება მოგვცეს..

ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება დანიაში..

ასე მივიღე ჩემი ცხოვრება..

ეს მხოლოდ ჩემი ამბავია.. სხვა ლტოლვილები ევროპაში უამრავი ტრავმით და დანაკარგით ჩადიან. ბევრს უკან აბრუნებენ.. ზოგი კი სანამ ევროპაში ჩავა იქამდე კვდება..

როდესაც დანიაში ჩავედი, არასდროს გავჩერებულვარ და არასდროს დამისვენია. ჩემს საფეხბურთო გუნდშიც კი.. როგორც წესი, დანიელი ფეხბურთელები თავს ხრიან და მწვრთნელის ყველა დავალებას ასრულებენ. ახლა კი მათ უწევდათ ახალ ავღანელ გოგოსთან ერთად ვარჯიში, რომელიც გულს მიჰყვებოდა და ხალისით და ცეცხლით თამაშობდა.. ბევრი დიდი უარყოფითი ყურადღება მივიღე..

ბურთს ვიღებდი და დრიბლინგს ვახორციელებდი. გუნდელები „პრიმადონას“ მეძახდნენ. ჩემი მწვრთნელიც კი, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს სულ იმას მეუბნებოდა, რომ სხვა გოგოებივით უნდა მოვქცეულიყავი. ამის გამო ყოველთვის მქონდა ფიქრი, რომ, რასაც ვაკეთებდი ყველაფერი არასწორი იყო..

საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უფრო ინტეგრირებული გავხდი და დავიწყე დანიის ნაკრებში თამაში და ამის გამო თავს ამაყად ვგრძნობ..

ძნელი ასახსნელია, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა აუტსაიდერად გთვლიან. თითქოს ეს უბრალოდ ფაქტია, მაგრამ რატომღაც უფრო ხშირად ლტოლვილებს ეხება.. ჩემი და ჩემზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ მიდგომამ დააკომპლექსა და გატეხა. მან ფეხბურთის თამაშის სურვილი დაკარგა..

საბედნიეროდ მე არ დავზიანდი. მამაჩემის სიკვდილი მივიღე და შევეგუე.. ჩემთვის დაბრკოლება აღარ არსებობდა.. არ მგონია, რომ უძლეველი ვარ, მაგრამ მე ბევრს მივაღწიე!!

მე ასევე მიჩვეული ვარ საკუთარი თავისთვის იმაზე მეტის დამტკიცებას, ვიდრე ამას ჩემს გარშემო სხვა ფეხბურთელები აკეთებენ. რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო მეტს ვიგებ, თუ როგორ მუშაობს ეს სამყარო..

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მივიღოთ უსამართლობა..

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში „პარი სენ ჟერმენში“ ვთამაშობდი, მაინც არ მსიამოვნებდა ის უსამართლო ფაქტები, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა..

იმედი მაქვს, ჩემმა ისტორიამ გაგაგებინეთ, თუ რას ნიშნავს იყო ლტოლვილი.. ასევე იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ. ეს სამყარო ნებისმიერი ადამიანისთვის არის და ყველას ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს!!

შესაძლოა, ეს ოპტიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტურბულენტური პერიოდი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით - პანდემიით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით და მსოფლიო პროტესტით - რაღაცას გვასწავლის!

COVID-19-ის შემდეგ უფრო მეტ ადამიანს ექნება რეალური კრიზისი და შესაბამისად, მათ შესაძლოა მეტი თანაგრძნობა ჰქონდეთ ომის ლტოლვილების მიმართ - ან კლიმატის ცვლილების მიმართ.

იმედი მაქვს, ლტოლვილებს მედიაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, რათა უფრო მეტ ადამიანს მოუნდეს მათი დახმარება..

გულწრფელად მჯერა, რომ დიდი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. ადამიანებს იმაზე მეტი უნარი აქვთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებმა სხვების დახმარებას საკუთარი საარსებო წყარო უნდა შესწირონ. პირველ რიგში, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგად ხართ!!

მაგრამ თუ გაქვთ რესურსი, რომ სხვას დაეხმაროთ და ხედავთ მიწაზე დაგდებულ ადამიანს, უბრალოდ ხელი გაუწოდეთ.

საბოლოო ჯამში ფული ადამიანებად არ გვაქცევს. ფული არ არის კომფორტი!

ეს არის ჩვენი უნარი - გავიგოთ სხვა ადამიანების ტანჯვა..“ - მე ნადია ნადიმი ვარ

გაზიარება: