ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

ბალარდინიმ ლოჩოშვილი სასტარტოში დააბრუნა - კრემონეზეს მე-17 მარცხი

იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში „კრემონეზე“ შინ „ატალანტასთან“ 1:3 დამარცხდა. კრემონული გუნდის სასტარტო შემადგენლობას ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდა, რომელსაც პირველი გაშვებული გოლისას შეცდომა არ დაუშვია, მეორე და მესამე გოლებისას კი მოედანზე არ იმყოფებოდა, დავიდე ბალარდინიმ 67-ე წუთზე მექსიკელი იოან ვასკესით შეცვალა.

ლოჩოშვილმა 9 იანვრის შემდეგ „კრემონეზეს“ სასტარტოში პირველად ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ „კრემონეზემ“ სერია ა-ში 10 შეხვედრა ჩაატარა, 4 მატჩი ლუკამ ტრავმის გამო გამოტოვა, 4 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და არ უთამაშია, ორჯერ კი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ასე რომ, უიღბლო პერიოდის შემდეგ 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი კვლავ „კრემონეზეს“ სასტარტო თერთმეტეულის მოთამაშეა.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი სტუმრებმა მარტენ დე რონის გოლით მოიგეს, მასპინძელთა მცველმა ემანუელ აივუმ ბურთი ცუდად მოიგერია და ნიდერლანდელმა ახლო მანძილიდან შეაგდო. 55-ე წუთზე დანიელ ჩიოფანიმ პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა, თუმცა 73-ე წუთზე ჯერემი ბოგამ სტუმრები დააწინაურა, მესამე დამატებულ წუთზე ადემოლა ლუკმენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარცხის შემდეგ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ თამაში ასე შეაფასა: „მას შემდეგ რაც „კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი ვარ, გუნდმა საუკეთესო თამაში ჩაატარა, გუნდის პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა „კრემონეზეს“ ქომაგებს, ისინი ჩვენთან ერთად ერთიანობას ავლენენ“.

Sofascore-მა ლოჩოშვილს 6,8 დაუწერა, რაც „კრემონეზეს“ სამ ცენტრალურ მცველს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ემანუელ აივუმ ძალიან დაბალი შეფასება, 5,2 მიიღო, მატეო ბიანკეტიმ - 6,7.

Whoscored-მა ლუკას 6,6 დაუწერა და თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ფორვარდ ფრანკ ცაჯუს ჩამორჩა (7,1).

28 ტურში „კრემონეზემ“ მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, 1 მატჩი მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, 17 დათმო. ლოჩოშვილის გუნდი ბოლო, მე-20 ადგილზეა და უშუალო კონკურენტ „სამპდორიას“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა გასავარდნ ზონას თავი რო დააღწიოს, ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს, რისი აღმოფხვრაც საკმაოდ რთული ამოცანაა გუნდისთვის, რომელმაც მხოლოდ 1 მატჩი მოიგო.

„კრემონეზე“ შემდეგ მატჩს იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინასთან“ გამართავს. პირველი შეხვედრა კრემონაში, 5 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „დროშები სიამაყით მავსებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ილუზიაა“
სპალეტი: „დროშები სიამაყით მავსებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ილუზიაა“