ტოტენჰემის განცხადება | პარატიჩის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს
ლონდონის „ტოტენჰემმა“ ფაბიო პარატიჩის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ, ფიფამ იტალიის სასამართლოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და პარატიჩის 2.5-წლიან დისკვალიფიკაციას გლობალური სახე მისცა, რის შემდეგაც „დეზების“ სპორტულ დირექტორს ინგლისურ ფეხბურთში მუშაობის უფლება აღარ ჰქონდა.
ახლახან, „ტოტენჰემის“ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც ამ საკითხზეა საუბარი. ლონდონელებმა და პარატიჩიმ შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყდა, რომ ფაბიომ კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობისგან პაუზა აიღოს. პარატიჩის აპელაცია აქვს შეტანილი და პაუზა მის დასრულებამდე გაგრძელდება. თუ გაიმარჯვა, აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ პარატიჩიმ დისკვალიფიკაცია „იუვენტუსის“ საქმის გამო მიიღო. ტურინელებს ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედებათ და რამდენიმე კვირის წინ, ამის გამო, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მთლიანად შეიცვალა. გამოძიების დაწყების შემდეგ, „იუვეს“ ექს-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ 2-2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი 8 თვით დაისაჯა, ფაბიო პარატიჩი - 2.5 წლით, ხოლო მოქმედი დირექტორი, ფედერიკო კერუბინი - 16 თვით.
როგორც მოგეხსენებათ, არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.