ნაპოლის დიდი დანაკლისი - ოსიმენი ტრავმირებულია
„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუჩანო სპალეტის გუნდს უახლოეს ორ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება, ნიგერიელი ფორვარდი ტრავმირებულია. სერია ა-ს ბომბარდირს საზარდულის ტრავმა აწუხებს.
შესაძლოა, 24 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს, 12 აპრილს „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 18 აპრილს გაიმართება.
ამ ეტაპზე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ოსიმენი სერია ა-ს უახლოეს ორ ტურს გამოტოვებს, „მილანთან“ საშინაო (2 აპრილი) და „ლეჩესთან“ (7 აპრილი) გასვლით შეხვედრებში მოედანზე არ იქნება.
ვიქტორ ოსიმენმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 21 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან ლაუტარო მარტინესს 7 გოლით უსწრებს.