ფილიპო გალი: „შეგვიძლია, ნაპოლის ჩვენი თამაში მოვახვიოთ“
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპო გალიმ, რომელმაც მილანურ კლუბთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სამჯერ მოიგო (1988-89, 1989-90, 2993-94) Sportmediaset-თან ინტერვიუში „ნაპოლი“ - „მილანის“ მოახლოებულ დაპირისპირებებზე ისაუბრა.
„როგორ დავამარცხოთ „ნაპოლი“? ეს ადვილი არ იქნება, რადგან „ნაპოლი“ ნამდვილად ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ლუჩანო სპალეტის გუნდი თამაშს აქტიურად დაიწყებს, მწვავე შეტევებს განავითარებს, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მეტოქის იერიშები, შემდეგ კი შევძლოთ მეტოქეს ჩვენი თამაში თავს მოვახვიოთ. თუ „მილანი“ მეტოქის შეტევების შეჩერებას შეძლებს, მატჩის მიმდინარეობისას თავისი თამაშის ჩვენებასაც მოახერხებს“.
სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 2 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12 აპრილს, „მილანი“ „ნაპოლის“ მიიღებს, საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში შედგება.
აღნიშნული გუნდების დაპირისპირების შესახებ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 34 წლის ანტონინო ბარილამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილი ევროპაში საუკეთესოა. „ნაპოლი“ იტალიურ ფეხბურთში დომინირებს. ვფიქრობ, სიტყვის თქმა ევროპაშოც შეუძლია. „ნაპოლის“ მაღალი სათამაშო ხარისხი, დიდი სურვილი და მენტალიტეტი აქვს, რაც „ლივერპულთან“ და „აინტრახტთან“ დაამტკიცეს. „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი ბრწყინვალე იქნება. სამწუხაროა, რომ ერთი იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.
რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, 24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა სერია ა-ს 23 მატჩში 21 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციაზე ლაუტარო მარტინესია 14 გოლით.