„თითქოს არც ვარსებობ...“ - გველესიანი საქართველოს ნაკრებზე
ირანის ჩემპიონატის „პერსეპოლისის“ 31 წლის ქართველი ლეგიონერი, გიორგი გველესიანი 2022/23 წლების სეზონის სპარსეთის ყურის პრო ლიგაში საუკეთესო მცველად დაასახელეს.
გველესიანი ცენტრალური მცველია და მას საქართველოს ნაკრებში, არც ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს უთამაშია. გიორგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეროვნული ნაკრებიდან უყურადღებობის, გულგრილი დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებას გამოხატავს.
„გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ ნომინირებულები, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ პრიზი მე დავიმსახურე. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს. ფეხბურთში მოტივაცია და თავდაჯერებულობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
მითუმეტეს, როცა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში არასდროს მითამაშია, უფრო მეტიც, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში 1 წუთიც კი არ მითამაშია. შეიძლება იყო დრო, როცა იქ ყოფნას არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო დრო, როცა ეს დავიმსახურე და ეს ფაქტი ჩემს მოტივაციას ყოველთვის ანადგურებდა, თითქოს არც ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ.
მათ თვალები ფართოდ ჰქონდათ დახუჭული და ყურები დახშული. განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, პერსეპოლისის წევრი ვარ! წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს საქმეზე. როგორც ყველა, ნაკრებში თამაშზე მეც ვოცნებობ. ეროვნულ გუნდში თამაში ბევრ გზას ხსნის და მწვანე შუქს აჩენს. ეს კარიერაში უზარმაზარი შესაძლებლობაა. ამ სარგებლის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა ისინი ელოდნენ, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ვითამაშებდი, ვინ იცის, ალბათ შემეძლო... თუ, დამეხმარებოდნენ, მაგრამ ეს არასდროს უცდიათ. არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, არც მოწვევას ვითხოვ.
მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას და ვაგრძელებ ჩემს ყოველდღიურობას. ღმერთის ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევდნენ, რომ ჩემი თავდაჯერებულობა აღმედგინა.
მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!“
View this post on Instagram
გველესიანმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.