მიმდინარე სეზონში ვერ დაბრუნდება | გრინვუდის საქმე და მანჩესტერი
მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ვერ ივარჯიშებს და კლუბში ვერ დაბრუნდება. Daily Mail-ის ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ ინგლისელ ახალგაზრდას მიღებული გადაწყვეტილება უკვე შეატყობინეს.
ბოლო კვირების განმავლობაში, გრინვუდსა და „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მეისონმა განაცხადა, რომ სურს, „ოლდ ტრაფორდზე“ რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნდეს და გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს, თუმცა „იუნაიტედი“ არ ჩქარობს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გრინვუდის საქმეზე შიდა გამოძიებას ატარებს და მის დასრულებას ელოდება. ამასთან, „ოლდ ტრაფორდზე“ მიაჩნიათ, რომ გრინვუდის დაბრუნება მიმდინარე სეზონში რომ მოხდეს, მის გარშემო გაჩენილი ინტერესი და შესაძლო პროტესტი, კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ევროპა ლიგისა და ასოციაციის თასისთვის ბრძოლაში ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს. ინგლისელი შემტევი გასული წლის იანვარში დააკავეს და მას გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა.