„გადაწყვეტილების მიღებაში აჩქარება არ უნდა“ - MARCA-ს სტატია კვარაზე
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca წერს და აცხადებს, რომ მისი „რეალში“ გადაყვანა გართულდება, რადგან 22 წლის ფეხბურთელმა „პარტენოპეისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
რა წერია სტატიაში:
ქართველმა გარემარბმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება. ახალი ხელშეკრულება 2028 წლამდე გაფორმდება, მისი ხელფასი კი 2.5 მილიონი ევროთი გაიზრდება. ამის გარდა, მას ბონუსებიც დაემატება.
კვარაცხელიას კონტრაქტს არ ექნება გამოსასყიდი თანხა, რის გამოც ევროპაში მასზე ნამდვილი აუქციონი იქნება. ნეაპოლში ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვენ, თუმცა ეს ყველაზე მცირე თანხაა, რის სანაცვლოდაც კლუბი კვარაცხელიას შეელევა. არსებობს მოლოდინი, რომ ღირებულება საგრძნობლად მაღალი იქნება.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, კვარაცხელია აპირებს, რომ ნეაპოლში გმირის სახელი დატოვოს და კლუბში დარჩენასაც გეგმავს. უმაღლეს დონეზე ეს მისთვის პირველი სეზონია და არ სურს გადაწყვეტილების მიღებაში აჩქარდეს.
„ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება რთული არ იქნება, რადგან კონტრაქტების გაფორმება კარგად შეგვიძლია“, - თქვა „ნაპოლის“ მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა თებერვალში. თუმცა, თავად დე ლაურენტისმა ყველაზე კარგად იცის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, რადგან დიდი მოლოდინია, რომ კლუბი თავისი ორი ვარსკვლავის, კვარაცხელიასა და ოსიმენის თაობაზე გიჟურ შეთავაზებებს მიიღებს.
„ნაპოლიმ“ ახალგაზრდა გარემარბის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ცოტა ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ მასზე 20 მილიონი ევროს გადახდაზე უარი ტურინის „იუვენტუსმა“ თქვა, შემდეგ კი ფეხბურთელი „სევილიას“ და „ვალენსიასაც“ შესთავაზეს. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ გადასვლაზე ყველაზე სწრაფად კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დაარწმუნა.
„კვარას უყვარს ნეაპოლი. მითხრა, რომ იტალიაში „ნაპოლის“ გარდა არცერთ კლუბში არ ითამაშებს“, - განუცხადა ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა CalcioNapoli24-ს. დაისვა კითხვა სხვა კლუბების ინტერესის შესახებაც, მათ შორის მადრიდის „რეალის“, რაც ჯუღელმა დაადასტურა: „დიახ, სხვა კლუბების მხრიდან დიდი ინტერესია“.
„თუ ის ამ დონეს შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, ოქროს ბურთსაც მოიგებს. მას ყველა თვისება აქვს, რათა ფეხბურთში დიდ წარმატებას მიაღწიოს“, - უთხრა Marca-ს რამდენიმე დღის წინ „ვალენსიას“ მეკარემ და კვარაცხელიას თანამემამულემ, გიორგი მამარდაშვილმა. იგივე აზრზეა ოსიმენიც, მისი პარტნიორი „ნაპოლის“ შეტევაში: „რამდენიმე წელში კვარაცხელია ოქროს ბურთის მფლობელი იქნება“.