ვიერი: „ნაპოლი იდეალური მანქანაა, კვარა ჯორჯ ბესტს ჰგავს“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს კიდევ ერთხელ შეადარა. „ბობო“ Corriere della Sera-ს ესაუბრა და „ნაპოლი“, მისი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი და მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი შეაქო.
„ნაპოლი იდეალური მანქანაა. არასდროს მინახავს გუნდი, რომელმაც უამრავი ცვლილების გატარებისა და ტექნიკური რევოლუციის მოხდენის შემდეგ, ასეთ მაღალ დონეზე ითამაშა. კრისტიანო ჯუნტოლი ძველი ყაიდის სპორტული დირექტორია და ფეხბურთელებს თავად ეძებს. მის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ.
ლუჩანო სპალეტის გუნდები ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. მან უდიდესი გამოცდილება დააგროვა და იცის, საჩემპიონო რბოლისას და სეზონის მიმდინარეობისას, ყველა დეტალი იდეალურად როგორ უნდა წაიკითხოს. კიმ მინ-ჯე? მასზე არაფერი ვიცოდი, თუმცა მისმა პიროვნებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და რა თქმა უნდა, ნაპოლის ჰყავს კვარაცხელია, რომელიც სიარულის მანერით, დრიბლინგითა და ვარცხნილობით ჯორჯ ბესტს ჰგავს, თუმცა ფეხბურთის თანამედროვე გულშემატკივრების 90-მა პროცენტმა არ იცის, ბესტი ვინაა. ხვიჩას გვერდითაა გამანადგურებელი ოსიმენი და ლობოტკა, რომელიც ჩავის მაგონებს“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.