საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „მემფის გრიზლისთან“ შეწყდა. ფლორიდელებმა, სტუმრად გამართულ შეხვედრაში, დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მაინც 5 ქულით დამარცხდნენ - 108:113.
ბითაძემ „ორლანდოს“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 13 წუთსა და 16 წამში, 13 ქულა (პირადი რეკორდი ორლანდოს რიგებში), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. როცა გოგა პარკეტზე იყო, მისმა გუნდმა „მემფისზე“ 10-ით მეტი ქულა ჩააგდო და თამაშში დარჩენა მოახერხა.
ბითაძემ მეტოქის კალათს ბრწყინვალე პროცენტით შეუტია და 7-დან 5 ბურთი ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 5-დან მხოლოდ 1 ორქულიანი გააფუჭა, 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 2-დან 2 საჯარიმო მოათავსა კალათში. გოგამ 6-დან 2 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, დაკარგვა არ ჰქონია და მის პასივში 1 ჯარიმა იყო.
გეტყვით იმასაც, რომ „მემფისს“ 31 ქულით დესმონდ ბეინმა ულიდერა. ქსავიერ ტილმანმა 20 ქულა და 9 მოხსნა გაიფორმა, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი და ლუკ კენარდი 16-16 ქულას დასჯერდნენ. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო - 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა. პაოლო ბანკერომ 24 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა, ვენდელ კარტერ ჯუნიორმა - 14 ქულა და 7 მოხსნა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 32 მოგება და 44 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციას იკავებს. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „ვაშინგტონ უიზარდსია“, რომელსაც პირველ აპრილს დაუპირისპირდება.