„ბავშვური შეცდომები“ - ნორვეგიაში სოლბაკენის გუნდი მწვავედ გააკრიტიკეს
ავტორიტეტული ნორვეგიული გამოცემის, NRK-ს საფეხბურთო ექსპერტმა კარლ-ერიკ ტორპმა საქართველო-ნორვეგიის მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მისი თქმით, გაშვებული გოლისას ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბავშვური შეცდომები დაუშვეს.
„ეს ბავშვური შეცდომებია. არ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მსგავსი შეცდომები დავუშვათ, რადგან შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა რთული იქნება. რაც შეეხება მარტინ ოდეგორის მომენტს, ასპროცენტიან შანსთან ასე ახლო რეალური საგოლე მომენტი არ გვქონია. საქართველოსთან 3 ქულა უნდა აგვეღო“.
ნორვეგიული TV 2-ის საფეხბურთო ექსპერტმა იესპერ მატისენმა სტანდბერგის მოქმედება გაშვებული გოლის ეპიზოდში კრიტიკულად შეაფასა.
„ეს სტანდბერგის დიდი შეცდომა იყო. თუ საკმარისი სისწრაფე არ გაქვს, გაჯობებენ“.
მატჩის შემდეგ ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი TV 2-ს ესაუბრა:
„ამ ორ შეხვედრაში სულ მცირე 2 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ ეს ვერ შევძელით, ესპანეთთან მარცხის შემდეგ საქართველოსთან ქულა მოვიპოვეთ. ამ ზიზღის გრძნობა ზაფხულამდე გამყვება და მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო“.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლა - 1:1. მე-15 წუთზე ანგარიში ალექსანდრ სორლოტმა გახსნა. 61-ე წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და ვილი სანიოლის გუნდი მარცხისგან იხსნა.