გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ალექსანდრ სორლოტი
Aa
Aa

მიქაუტაძემ მარცხისგან გვიხსნა - ნორვეგიასთან ისტორიული წარუმატებლობა დასრულდა

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლა - 1:1. მე-15 წუთზე ანგარიში ალექსანდრ სორლოტმა გახსნა. 61-ე წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და ვილი სანიოლის გუნდი მარცხისგან იხსნა.

მატჩის გამორჩეული მომენტები

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან არ დამარცხდა. გასული სამი დაპირისპირება სკანდინავიელთა გამარჯვებით დასრულდა. 1996 წელს, ეგილ ოლსენის გაწვრთნილმა ნორვეგიამ ამხანაგურ მატჩში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სტოლე სოლბაკენის გოლით დაამარცხა. ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში საქართველო შინ ნორვეგიასთან 1:4 დამარცხდა. შეყილაძის ავტოგოლის გარდა ტორე ანდრე ფლომ დუბლი შეასრულა, ერთი სულშერმა შეაგდო. 0:4-ზე ზაზა ჯანაშიამ ე.წ. პრესტიჟის გოლი გაიტანა. რაც შეეხება გასვლით მატჩს, ნორვეგიამ შტეფან ივერსენის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა (1:0). ასე რომ, დღევანდელ მატჩში ნორვეგიასთან ისტორიული წარუმატებლობა დასრულდა.

ბათუმში ნორვეგიის ნაკრებმა უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა, სტოლე სოლბაკენის გუნდი მაღალი პრესინგით თამაშობდა, რამაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეცდომების დაშვებაში ხელი „შეუწყო“, პასების სიზუსტის კუთხით შეცდომები აშკარა იყო.

მე-15 წუთზე სტუმართა მაღალი პრესინგისას მამარდაშვილმა ბურთი ცუდად „ამოიტანა“,  გურამ კაშიამ ალექსანდრ სორლოტი ვერ გაანეიტრალა, „სოსიედადის“ ფორვარდმა დარტყმისთვის თავისუფალი სივრცე იპოვა, საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მამარდაშვილს დაბალ კუთხეში გაუტანა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ აკონტროლებდა, მოედნის ცენტრში სტოლე სოლბაკენის გუნდის სრული დომინირება იყო, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებელი ემატებოდა. 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას მცდელობა, რომ შეტევა გაემწვავებინა, უშედეგოდ დასრულდა, ხვიჩას წინ 2 ფეხბურთელი აღმოჩნდა და მას ბურთი ადვილად აართვეს.

39-ე წუთზე კაკაბაძისა და აზაროვის განვითარებული შეტევა კვარაცხელიას ოსტატური დარტყმით დასრულდა. ხვიჩას დარტყმა იდეალური იქნებოდა, თუმცა სიზუსტე ოდნავ დააკლდა. ამ მომენტში ნორვეგიელები ხვიჩას წინააღმდეგ თამაშისას ნაკლებად დამაჯერებელნი იყვნენ, კვარაცხელია თავისუფალი სივრცეში დატოვეს და ვიდრე აზაროვი ბურთს მიიღებდა, გადმოწყობა დააგვიანეს. ხვიჩამ თავისუფალი სივრცე მაქსიმალურად სწრაფად აითვისა, ბურთი მიიღო, შემდეგ კი მასთან ახლოს სტანდბერგი და ოდეგარი აღმოჩნდნენ. ასეთ ვითარებაში ასეთი დარტყმის შესრულება მაღალი კლასის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ცხადია სიზუსტე დააკლდა.

ორივე ტაიმის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიასთვის იდეალური თამაში არ ყოფილა, ნორვეგიელებმა „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი დრიბლინგების განვითარების კუთხით გაანეიტრალეს, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი გარემარბი გოლის გატანასთან ახლოს ორჯერ იყო. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხვიჩას მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მეურვეობდა, რაც საქართველოს ნაკრების სხვა შემტევებს ამოცანების გადაჭრას უადვილებდა.

პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი განავითარა, თუმცა შეტევის დასკვნით მომენტში გუნდური ინტერესი სათანადოდ არ გაითვალისწინა, თავისუფალ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს პასი არ მისცა და ბურთი აართვეს.

 

მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. სახიფათო შეტევების სიხშირე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, როცა ნიკა კვეკვესკირის პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ნორვეგიელთა ცენტრალურ მცველს, შტეფან სტენდბერგს აჯობა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა, ნორვეგიას გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა. უსაფუძვლო იქნება იმის თქმა, რომ ნორვეგიამ მეორე ტაიმი „ჩააგდო“. უფრო ზუსტი ასეთი შეფასება იქნებოდა, მეორე ნახევარში საქართველომ სტუმრებს გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

„მეცის“ 22 წლის ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ეროვნულ გუნდში მესამე გოლი გაიტანა, სადებიუტო გოლი ამხანაგურ მატჩში რუმინეთს შეუგდო, გასულ წელს კი ერთა ლიგაზე გიბრალტართან გამოიჩინა თავი.

ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი გიორგი გოჩოლეიშვილი იყო, რომელმაც ტრავმირებული ირაკლი აზაროვი შეცვალა. დონეცკის „შახტარის“ მცველი დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებდა და შეტევაშიც აქტიური იყო.

76-ე წუთზე ნორვეგიას გოლის გატანის შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა მარტინ ოდეგორმა თითქმის ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი ცენტრისკენ „წაიღო“ და მარჯვენათი შორეულ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ამჯერადაც ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე VAR-ი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში პენალტის დანიშვნის საკითხს განიხილავდა. საბოლოოდ, VAR-მა საქართველოს ნაკრებისთვის ნეგატიური გადაწყვეტილება არ მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო. AS-ი „ვალენსიას“ მეკარეზე წერს: „მამარდაშვილმა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი კარგი ბურთი მოიგერია“.

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ტაბიძე (ზივზივაძე 59), კაშია (კ), კვერკველია, აბურჯანია (გაგნიძე 90), კვარაცხელია, დავითაშვილი (ლობჟანიძე 59), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვეკვესკირი, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მელინგი, ოსტიგორი, სტრანბერგი, პედერსენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, პატრიკ ბერგი (ტორსტვედტი 90+5), ოდეგორი (კ), ელიუნუსი (სანდერ ბერგი 78), სორლოტი, ოლა სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - ცნობილია ფეხბურთელების შეფასება
SofaScore - ცნობილია ფეხბურთელების შეფასება