ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლიმ მათი გაყიდვის სურვილს უნდა სძლიოს - Forbes-ი კვარაზე და ოსიმენზე წერს

„ნაპოლიმ ორი უდიდესი ვარსკვლავის გაყიდვის სურვილს უნდა სძლიოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Forbes-ი და „პარტენოპეის“ ლიდერებზე გვესაუბრება. ცნობილი ჟურნალის ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მოექცნენ და ავტორი ნეაპოლელებს მოუწოდებს, ორივე მათგანი შეინარჩუნონ.

„სკუდეტოს გაფორმება, რომელსაც ნაპოლი დიდი ხანია ელოდებოდა, დროის ამბავია. მათი უპირატესობა იმდენად დიდია, რომ მონუმენტური ფიასკო ან აქამდე უნახავი კოლაფსი იქნება საჭირო, რათა პარტენოპეი ჩემპიონი ვერ გახდეს. ნაპოლი მეორეადგილოსან ლაციოს 19 ქულით უსწრებს და სერია A-ს ტიტულს შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოჰყვეს. ნაპოლი ხელსაყრელ პოზიციაშია და მეოთხედფინალში მილანს ხვდება, ნახევარფინალში კი ინტერისა და ბენფიკას წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს ორივე ეტაპის გავლა და ისტორიული დუბლის გაფორმება შეუძლია.

ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მიუძღვებიან და პარტენოპეიზე დაწყებული საუბრის მთავარი თემა სწორედ ისაა, შეძლებს თუ არა ნეაპოლური კლუბი მათ შენარჩუნებას. არ შეცდეთ და არ გეგონოთ, რომ ნაპოლი მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია. უბრალოდ კვარაცხელია და ოსიმენი კარგ გუნდს შესანიშნავ გუნდად აქცევენ.

ოსიმენის გადასვლისთანავე ჩანდა, რომ მას დაუმუშავებელი პოტენციალი ჰქონდა. დღესდღეობით, სერია A-ში მისნაირ ფეხბურთელს ვერ შეხვდებით. ვიქტორის ფიზიკური მონაცემები, სისწრაფე და მეორე სართულზე თამაშის უნარი, მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეებში შიშს აჩენს. თუ მცველი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ნიგერიელს სისწრაფეში უნდა აჯობოს, მისთვის ყველაფერი დასრულებულია. ნაპოლის თავდამსხმელის დაჭერა Vespa-თიც ძალიან ძნელია. იგი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია და ამ ტემპით, სეზონის ბოლოს, 30 გოლი ექნება გატანილი.

სატრანსფერო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა, რომ ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს. აი, კვარაცხელიას რაც შეეხება, ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, რომელიც ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მან გადატრიალება მოახდინა. წლებია არ გვინახავს ფეხბურთელი, რომელიც საფეხბურთო სცენაზე ფაქტობრივად არსაიდან გამოჩნდა და აკეთებს იმას, რასაც ქართველი შემტევი. მიმდინარე სეზონში, მისი სატრანსფერო ღირებულება 8-ჯერ გაიზარდა და პარი სენ-ჟერმენი მზადაა, მასში 171 მილიონი გადაიხადოს.

დე ლაურენტისმა, რომელიც ფინანსურ საკითხებს უდიდეს ყურადღებას აქცევს, თავისი ვარსკვლავების გაყიდვის სურვილს უნდა სძლიოს. ნაპოლის შანსი აქვს, მინი დინასტია შექმნას და გამომდინარე იქიდან, რომ მილანისგან, ინტერისგან და იუვენტუსისგან შემდგარ დიდ სამეულს რთული პერიოდი უდგას და ვალები დაუგროვდა, შეუძლია, სკუდეტო ზედიზედ 2-3-ჯერ მოიგოს, რითაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი გუნდის სტატუსით შევა და 80-იანი წლების მარადონას ლეგენდარულ გუნდს გაუთანაბრდება. საფეხბურთო სამყაროში არსებობს შიში, რომ 2022-23 წლების სეზონის შემდეგ, ნაპოლი დაიშლება. ეს ხომ ადრეც გვინახავს. იგივე მოხდა მონაკოს (ორჯერ) და აიაქსის შემთხვევაში. იმედია, ნაპოლი თავის ლიდერებს შეინარჩუნებს და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. პარტენოპეიმ ლიგის მეოთხედფინალში გასვლით 86 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და შეუძლია, ოსიმენსა და კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულებები შესთავაზოს, რათა ისინი ბედნიერი და კმაყოფილი დატოვოს. თუ ასე მოხდა, არავინ იცის, ნაპოლის რამხელა წარმატება ელოდება“, - წერს Forbes-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე