ხვიჩა არსად წავა, ოსიმენის საკითხი კვლავ ღიაა | Corriere dello Sport-ი ნაპოლის ლიდერებზე
Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე დაიწერა. იტალიური გაზეთის მიხედვით, „კვარას“ მომავალთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათელია, რასაც ნიგერიელ თავდამსხმელზე ვერ ვიტყვით.
„კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება და ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. ხვიჩასთვის ახალი კონტრაქტი მზადაა და ხელშეკრულების გახანგრძლივება ივნისში მოხდება. ოსიმენთან მიმართებით განსხვავებული ვითარებაა. მის აგენტთან შეხვედრამდე, დე ლაურენტისს უჭირს, ივარაუდოს, რა მოხდება. ამ წუთისთვის, ყველაფერი ბურუსითაა მოცული და კლუბში იმედი აქვთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება“, - წერს Corriere dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის საკუთარ რიგებში ხილვით პრემიერ ლიგის გრანდები არიან დაინტერესებული. The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამ ეტაპზე, მთავარი ფავორიტი სწორედ „წითელი ეშმაკები“ არიან. „კვარას“ რაც შეეხება, მას „არსენალს“, „ბარსელონას“, „რეალს“ და „ნიუკასლს“ უკავშირებდნენ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.