კონკრეტული პუნქტი კონტრაქტში - ხვიჩა რეალს გზას უხსნის
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის მადრიდის „რეალს“. ცნობილია, რომ ქართველ ფეხბურთელს „სამეფო კლუბი“ ძალიან უყვარს და მისი ოცნება სწორედ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშია.
ესპანური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობით.
Defensacentral-ის ცნობით, ხვიჩა ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ „რეალისთვის“ კარი ყოველთვის ღია იქნება. ახლა კი ქართველ ფეხბურთელს შეუძლია მოითხოვოს, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ეს სამართლიანი თანხაა და გაყიდვის შემთხვევაში კლუბი დიდ სარგებელს მიიღებს, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ასე არ ფიქრობს.
„პარტენოპეის“ ხვიჩას სანაცვლოდ 150 ან 200 მილიონი ევრო სურს და ეს აღმაშფოთებელი თანხაა, რომელიც არარეალური ჩანს. ამ მომენტისთვის, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 85 მილიონი ევროა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის პროგრესს და სათამაშო ხარისხს ეს თანხა აუცილებლად გაიზრდება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონში „ნაპოლიდან“ წავიდეს, მაგრამ, როგორც ჩანს მისი მომავალი იტალიის გარეთ არის დაკავშირებული. ამ პუნქტის კონტრაქტში ჩართვა კი „რეალს“ გზას გაუხსნის.