ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„სანიოლს კომპლიმენტები ეკუთვნის“- ნორვეგიის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში გამართავს.  

ნორვეგიის ნაკრები საქართველოს ისტორიაში მეორედ, გასულ ღამეს ესტუმრა.

დაგეგმილი მატჩის წინ, ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.

სტალე სოლბაკენი (ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

ბოლოს, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეთამაშეთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მე გავხდი, ეს შეხვედრები შესანიშნავად მახსოვს.

რა თქმა უნდა, ამჯერადაც გამარჯვებისთვის ვითამაშებთ და მიზანი 3 ქულის წაღება იქნება, თუმცა ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, განსაკუთრებით სტაბილურად თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია, მისი გუნდი, ნაპოლი კი ამ ეტაპზე გამორჩეულია იმდენად, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაშიც შეუძლია.

ის, რომ ორივე ნაკრებში თანაგუნდელები თამაშობენ, დიდად არაფერს ცვლის, თანამედროვე ფეხბურთში საიდუმლოები აღარ არსებობს , რადგან ორივე ნაკრებს ანალიტიკოსები ჰყავს და მათი როლი დიდია.

ვილი სანიოლს ჩემგან კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან ძალიან პროგრესირებადი მწვრთნელია.

მთავარ მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრ სორლოტიც:

ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან შეხვედრას ველით, მამარდაშვილზე კი ბევრი არაფერი ვიცით.

ვფიქრობ, რომ ბურთის კიონტროლს დიდი მნიშვნელობა ექნება, ამ რთულ მატჩში ჩვენი მიზანი  გამარჯვება იქნება.

შესანიშნავ ატმოსფეროს ველით, რადგან ქართველ გულშემატკივარზე ინფორმაცია გვაქვს - ზოგიერთ ჩვენს თანაგუნდელს აქ სხვადასხვა დროს უთამაშია.

სტალე სოლბაკენის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ნორვეგიის ეროვნული ნაკრები ბათუმის სტადიონზე, მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშს გამართავს. გუნდი ბათუმში დანაკლისითაა - ტრავმირებულია მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი.

საქართველო - ნორვეგია (ისტორია)

აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მესამედ ხვდებიან. ჩვენს გუნდს, ნორვეგიის წინააღმდეგ, გამარჯვება არ აქვს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მატჩში 6 გოლი გაუშვა, 1 - გაიტანა.

1 სექტემბერი, 1996: ნორვეგია 1-0 საქართველო (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი)

28 აპრილი, 1999: საქართველო 1-4 ნორვეგია (ევრო საკვალიფიკაციო)

30 მაისი, 1999: ნორვეგია 1-0 საქართველო (ევრო საკვალიფიკაციო).

1999 წლის შემდეგ, ნორვეგია საქართველოში არ ყოფილა. ეს მეორე მატჩია, როდესაც შეხვედრას საქართველო მასპინძლობს. 1999 წლის 28 აპრილს გამართული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა და 15 000 მაყურებელი დაესწრო.  ნორვეგიის კარში ერთადერთი გოლის ავტორი მამუკა წერეთელია. მაშინ ჩვენს გუნდს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1996 წელს გამართულ მატჩში, სწორედ ნორვეგიის წინააღმდეგ შედგა ლევან კობიაშვილის დებიუტი, რომელაც ეროვნული გუნდის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა, რაც გურამ კაშიას შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და სხვა საჭირო ინფორმაცია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი, საქართველოსა და ნორვეგიას შორის 28 მარტს შედგება და 20:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ბათუმში სრულ ანშლაგს ელიან. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი არასრულ დღეში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 საინტერესო ფაქტი კარიმ ბენზემას შესახებ
16 საინტერესო ფაქტი კარიმ ბენზემას შესახებ