ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

„ფენომენი, რომელიც უნდა შევაჩეროთ“ - ნორვეგიული VG-ს სტატია კვარაზე

„ნაპოლის გმირი მეტსახელად კვარადონა - ეს არის ბიჭი, რომელსაც ნორვეგიის ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრის იმედების განადგურება შეუძლია“, - ასეთია სათაური, რომლითაც ცნობილი ნორვეგიული გამოცემა, VG სტატიას აქვეყნებს და საკუთარ მკითხველს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრება.

მისი მეტსახელი ნაპოლის ღმერთს, დიეგო მარადონას უკავშირდება. იგი სერია A-ში თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. სამშაბათს, ნორვეგიამ 22 წლის ფენომენი, ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეაჩეროს.

„ალბათ, ახლა ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელია“, - განაცხადა ნორვეგიის ნაკრების თავკაცმა, სტოლე სოლბაკენმა ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ. სამშაბათს, საქართველო და ბიჭი, ვისი მეტსახელიც ყველაფერს თავად ამბობს, ნორვეგიას შეხვდებიან. 22 წლის შემტევი საფეხბურთო ხელოვანია და ლიდერობს კლუბს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღმაფრთოვანებელ თამაშს აჩვენებს. გასულ შემოდგომაზე, ნაპოლიმ ლივერპული 4:1 გაანადგურა და ამის შემდეგ, ხალხმა ნელ-ნელა კვარაცხელიასადმი ყურადღების მიპყრობა დაიწყო. ხვიჩას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ფეხბურთით გაგიჟებულ ნეაპოლში, დღემდე შეხვდებით ქალაქის კედლებზე გამოსახულ დიეგო მარადონას ნახატებს. არგენტინელი გმირი იქაურებისთვის ახლაც ცოცხლობს და ადგილობრივ კლუბს ორი სკუდეტო მოაგებინა. დიეგოს შემდეგ, სამხრეთელ ლურჯებს იმავე შედეგისთვის არასდროს მიუღწევიათ, მაგრამ ახლა სერია A-ს ლიდერები არიან, უშუალო მდევარს 19 ქულით უსწრებენ და ტიტულისთვის ბრძოლაში მათი გამოწვევა აღარავის შეუძლია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის და ის მთავარი მიზეზია, რომლის გამოც საქართველოს ნაკრები სახიფათო მეტოქედ ითვლება. შვედეთთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში, მან დუბლი გაიფორმა.

„მისი ასეთი პროგრესის წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რუსეთიდან დინამო ბათუმში გადასვლის შემდეგ, მისი თამაში ვნახე და ჩემს თავს ვკითხე: „საქართველოს დონე ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა თუ ის სხვებზე ამდენად მაგარია?“, - განუცხადა VG-ს ტორ-კრისტიან კარლსენმა. ეს უკანასკნელი საფეხბურთო კონსულტანტი და ყოფილი სპორტული დირექტორია. იგი ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს და აქვს პოდკასტი, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძის პატივსაცემად, „ჩივაძე“ ჰქვია.

„ხვიჩას ტალანტი მალევე შევამჩნიე და მისი გადმოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, მეგობრებს ვუთხარი, რომ მისთვის თვალი ედევნებინათ. მართალი აღმოვჩნდი. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. იგი ძლიერია და შეუძლია, ყველაფერი თავად გადაწყვიტოს“, - დასძენს ნორვეგიის ნაკრების მცველი და კვარას თანაგუნდელი, ლეო ოსტიგორი.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ახალი გმირი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოუპოვებს. სამშაბათს ჩანიშნული შეხვედრა ბათუმში მდებარე ლამაზ სტადიონზე გაიმართება და მატჩზე დასასწრები ბილეთები 1 დღეზე ნაკლებ დროში გაიყიდა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ჰოლანდი და ოდეგორი უნდა ჩაფრენილიყვნენ, ეს კვარადონას გარშემო შექმნილმა ეიფორიამაც განაპირობა. ქართველები ნეაპოლშიც ჩადიან და თავიანთ გმირს მხარს უჭერენ. მათ ზურგზე 77 ნომერსა და კვარაცხელიას გვარს დაინახავთ, ტრიბუნებზე ყოფნისას კი ქართულ დროშებს აფრიალებენ. ასეთ დროშებს ბათუმშიც შეხვდებით და იგივე იყო ატალანტასთან მატჩისას, რომელსაც VG-ც დაესწრო. ნაპოლის მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა, მაგრამ კვარაცხელია მოწინააღმდეგეებს პრობლემებს სისტემატურად უქმნიდა.

ატალანტასთან კვარადონა მატჩის ტემპს ცვლის, რათა მთავარი როლი თავად მოირგოს და ეს უნიკალური რამაა. სულერთია, მეტოქის კარის წინ იმყოფება თუ საკუთარ ნახევარზე, მას მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსი შეაქვს და აკეთებს იმას, რაც უნდა. შეხვედრის სტარტიდან 1 საათი და ბუუუმ. ჯერ ატალანტას 3-4 ფეხბურთელს ისე მოექცა, გეგონება, ისინი ყინულზე სრიალებდნენ. შემდეგ, ისე სწრაფად მოტრიალდა, რომ დარტყმის განხორციელებაში ხელი ვერავინ შეუშალა, ბოლოს კი მარადონას საზეიმო ტალღამ გადაუარა.

„განსაკუთრებული ფეხბურთელია. მატჩის მიმდინარეობას შესანიშნავად გრძნობს და ძალიან სახიფათოა. არ მგონია, რომ მას ინდივიდუალური მეურვე უნდა მივუჩინოთ. ამ საკითხს როგორც გუნდი ისე უნდა მივუდგეთ. მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია“, - აცხადებს ოსტიგორი და VG სტატიას სწორედ მისი სიტყვებით ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო