მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. „ვაშინგტონთან“ მარცხის შემდეგ, ტექსასელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, „ბოსტონ სელტიქსს“ ესტუმრნენ და 44 ქულით, 93:137 განადგურდნენ.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პროდუქტიული იყო. სანდრომ პარკეტზე 22 წუთი და 10 წამი გაატარა და აქტივში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „მამუმ“ 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, 6-დან 4 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ კალათბურთელს 1 დაკარგვა და 2 ჯარიმა ჰქონდა. სანდრომ 10-ქულიანი ნიშნული ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გადალახა და კარგი თამაშის ჩვენებას განაგრძობს.
„სან ანტონიოს“ მაისურით მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ 2-მა კალათბურთელმა ჩააგდო. ზაკ კოლინსმა მატჩი 21 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა, მალაკაი ბრენჰემს კი 15 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა. „ბოსტონის“ რიგებში შეუდარებელი იყო ჯეილენ ბრაუნი, რომელმაც 41 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. მალკოლმ ბროგდონს 20 ქულა და 9 ასისტი ჰქონდა, დერიკ უაითს - 19 ქულა და 8 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 19 მოგება და 56 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს. ტექსასელების მომდევნო გაჩერება პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად მებრძოლი „იუტა ჯაზია“, რომელსაც 30 მარტს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.