ლიონი, მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა
Aa Aa

16 საინტერესო ფაქტი კარიმ ბენზემას შესახებ

კარიმ ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა. ჩვენ კი ვეტერან ფრანგზე 17 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.

ყველაზე სწრაფი გოლი „ელ კლასიკოში“

2011/2012 წლებში მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა 100 ქულით მოიგო და 121 გოლი გაიტანა. ერთ-ერთ „ელ კლასიკოში“ რეკორდი დაამყარა. იმ დროს 23 წლის კარიმმა „ბარსელონას“ 21-ე წამზე გაუტანა გოლი.

შეიძლებოდა ალჟირის ნაკრებში ეთამაშა

ბენზემას ალჟირელი მშობლები ჰყავს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან. დიდი ხნის განმავლობაში, ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია კარიმის დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ „რეალის“ კაპიტანმა „მამლებში“ თამაში არჩია

„ალჟირი ჩემი მშობლების ქვეყანაა და რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით საფრანგეთის ნაკრებში მირჩევნია ვითამაშო.“

- განაცხადა ბენზემამ 2006 წელს

ბენზემა „ლიონში“ ბურთის მომტანი იყო

კარიმმა 8 წლის ასაკში „ბრონ ტერეიონში“ დაიწყო თამაში. ერთ-ერთ დღეს „ლიონის“ აკადემიას დაუპირისპირდა და ორი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ „ლიონის“ ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ ბენზემამ „ბრონ ტერეიონი“ დატოვა და ახალ კლუბში დაიწყო ვარჯიში. „ლიონის“ ლიგა 1-ის მატჩებზე კი ბურთის მომტანი იყო.

 „ლიონის“ ფეხბურთელებთან თამამად საუბრობდა

როდესაც კარიმი „ლიონის“ პირველ გუნდში დააწინაურეს, იქ უკვე ვარსკვლავები თამაშობდნენ. მალუდა, ესიენი, ვილტორდი, აბიდალი..

ჩამოთვლილი ფეხბურთელები ბენზემას ხშირად ეხუმრებოდნენ, რაც მისთვის, როგორც აღმოჩნდა არასასიამოვნო იყო.

შემდეგ მან თქვა:

„ნუ იცინით, მე აქ თქვენი ადგილის დასაკავებლად ვარ.“

ბენზემამ სიტყვა შეასრულა. კარიმმა „ლიონის“ მთავარ გუნდში 148 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 66 გოლი გაიტანა და გუნდს საფრანგეთში დომინირებაში დაეხმარა.

საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

„ლიონში“ კარიმის დებიუტი 2005 წლის 15 იანვარს „მეცის“ წინააღმდეგ შედგა. იმ დროს 17 წლის ბენზემა მატჩში 77-ე წუთზე ჩაერთო. შესვლიდან სულ მალე კი საგოლე პასი გააკეთა.

გოლი ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩში

2006 წლის 9 ნოემბერს რაიან დომენეკმა კარიმს ნაკრებში უხმო, თუმცა „ლიონში“ ტრავმა მიიღო და ეროვნულ ნაკრებში დებიუტს კიდევ 4 თვე ელოდა. საბოლოოდ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა.


ბენზემას ორივე ძმა ფეხბურთელი იყო

„რეალის“ კაპიტანს 8 დედმამიშვილი ჰყავს. ისინი ლიონის აღმოსავლეთ უბანში ბორნში გაიზარდნენ და ერთ-ერთი გასართობი ფეხბურთი იყო.

საინტერესოა, რომ ბენზემას ორი უმცროსი ძმა გრისი და საბრი ასევე ფეხბურთელები იყვნენ. გრისმა ტრავმის გამო 2012 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საბრის კარიმის სტილი ჰქონდა და წარმატების მიღწევაც შეეძლო, მაგრამ კარიერას სერიოზულად არ მოეკიდა და არაფერი გამოუვიდა.

წონის პრობლემები

2011/2012 წლებში ლორან ბლანმა და ზინედინ ზიდანმა კარიმს წონაში დაკლება ურჩიეს. ამის გამო ბენზემა იტალიაში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში წონის დაკლების თერაპია მიიღო. მიღებული სტაჟირება ეფექტური გამოდგა, რადგან მან უმოკლეს პერიოდში 8 კილოგრამი დაიკლო.

კლინიკაში ყოფნის დროს, ბენზემა ფიზიკურად ვარჯიშობდა და კუნთების მასის გაზრდას ცდილობდა. წინასასეზონო მომზადების პერიოდში, კარიმი ფანტასტიკური იყო. 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ოქროს ბურთი

2022 წლის ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, კარიმი გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი ზიდანის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ამის პარალელურად, „რეალის“ ლეგენდა გახდა მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ეს რეკორდი სტენლი მათეუსს ეკუთვნის, რომელმაც ეს ჯილდო 1956 წელს 41 წლის ასაკში მიიღო. ბენზემა კი ყველაზე პრესტიჟულ პრიზს 34 წლის და 302 დღის ასაკში დაეუფლა.

რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

2022 წლის 6 აპრილს, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის „ჩელსის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ დაუპირისპირდა. „ბლანკოსმა“ 3:1 მოიგო და სამივე გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა. ამით ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ეტაპზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ბენზემა იმ დროს 34 წლის და 108 დღის იყო.


ყველაზე მეტი საგოლე პასი „რეალში“

ამ მომენტისთვის, ბენზემა მადრიდული გრანდის ისტორიაში 342 გოლით მეორე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ლიდერია საგოლე პასებში. კარიმს დღემდე 164 ასისტი აქვს შესრულებული და ამ შედეგით ის „ბლანკოსის“ ისტორიაში საუკეთესოა.

ჩატარებული მატჩების რეკორდი

„სამეფო კლუბში“ არაერთ ლეგიონერ ვარსკვლავს უთამაშია და ბენზემა ამაშიც რეკორდსმენია. კარიმს დღემდე „რეალში“ 634 შეხვედრა აქვს ჩატარებული და „ბლანკოსის“ შემადგენლობაში ამდენი მატჩი არა ესპანელ ფეხბურთელს არასდროს ჩაუტარებია.

35 წლის თავდამსხმელის შემდეგ, საუკეთესო შედეგი მარსელოს(546 მატჩი) და რობერტო კარლოსს(527 მატჩი) აქვთ.

ყველაზე მეტი გოლი

თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბენზემა საფეხბურთო ლეგენდაა. ამას მისი სტატისტიკაც მოწმობს, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომელიც მას ბევრ ფეხბურთელზე მაღლა აყენებს.

ვეტერანმა შემტევმა კარიერის განმავლობაში ყველა გუნდში ერთად(იგულისხმება ნაკრებიც) 445 გოლი გაიტანა. საფეხბურთო ისტორიაში, ამდენი გოლი არცერთ სხვა ფრანგ ფეხბურთელს არ გაუტანია.

ბენზემა გინესის რეკორდებში

„რეალის“ თავდამსხმელი ლიონელ მესისთან ერთად გინესის წიგნშია შეყვანილი. საქმე ზედიზედ 18 სეზონში გატანილ გოლს ეხება. ფრანგ და არგენტინელ შემტევებს 2005 წლიდან, ყოველ წელს მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვთ.

მოტეხილი თითი

2019 წლის 13 იანვარს „რეალი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა. კარიმ ბენზემა მარკ ბარტრას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა მარჯვენა ხელის ნეკა თითი მოიტეხა და მას ოპერაციის გაკეთება ურჩიეს. თუმცა მას ასევე უთხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ 2 თვეს გამოტოვებდა.

იმ პერიოდში, „რეალი“ კრიზისში იყო და ბენზემამ 2-თვიან დასვენებას გუნდის დახმარება გადაწყვიტა და ოპერაცია არ გაიკეთა. კარიმმა მინი ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ რეაბილიტაცია არ დაასრულა, რამაც თითის სრულად განკურნებას ხელი შეუშალა.

2021 წლის ოქტომბერში ბენზემამ განაცხადა:

„ოპერაციის გაკეთება მირჩიეს, მაგრამ ორი თვე უნდა დამესვენა. თითი ახლაც მტკივა, მაგრამ გაჩერების დრო არ მაქვს. ამიტომ სპეციალური დამცავით ვთამაშობ.“

ფილმი ბენზემას ცხოვრებაზე

2017 წელს კარიმზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელშიც აღწერილია მისი ბავშვობა და შემდგომი საფეხბურთო კარიერა. ფილმში ასევე ნაჩვენებია ის პერიოდი, როდესაც ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს. რეჟისორები კი ფლორენ ბოდინი და დემიენ პისკარელი არიან. ფილმის სახელი - „Le K Benzema".

გაზიარება: