„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტსაა ჩანიშნული, იქამდე, ჩვენმა გუნდმა ბათუმში, მონღოლეთს უმასპინძლა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით - 6-1 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მონღოლეთმა ევროპული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშა და ეს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა:
,,დღევანდელი თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა საკმაოდ რთულია, გადავწყვიტე, იმ ფეხბურთელებს ეთამაშათ, რომელთაც სანაკრებო დონეზე ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. როგორც ხდება ხოლმე, ასეთ დროს ხარისხი დაიკარგა.
პირველ ტაიმში უკმაყოფილო ვიყავი, ნელა ვმოქმედებდით, გადაცემები ძალიან ნელი იყო. მეორე ტაიმმა გვაჩვენა თუ როგორ ცვლის სურათს სწრაფი პასები. ამ მატჩში დადებითი მხარეები იყო ის, რომ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და ბევრი გოლიც გავიტანეთ. სეზონის უხვგოლიანად დაწყება მისასალმებელია, თუმცა შემდეგი მატჩი, ნორვეგიის წინააღმდეგ, ბევრად რთული იქნება.
შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ მას ცენტრალურად უნდა ემოქმედა, მარცხენა ფლანგზე დიდ დროს ატარებდა, საერთო სურათით კი თანაგუნდელები ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. მიმაჩნია, რომ ისეთი ტექნიკური ფეხბურთელი, როგორიც გიორგია, ცენტრში უნდა თამაშობდეს.
რაც შეეხება გიორგი ლორიას, ის ტრავმირებულია, ზურგი აწუხებს, მან ტრავმა მონღოლი ფეხბურთელის შეჯახების შემდეგ მიიღო, ამიტომ მოედანზე ლუკა გუგეშაშვილი შემოვიდა. ეს დაგეგმილი ცვლილება არ ყოფილა, თუმცა ლუკა, ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, შექებას იმსახურებს".
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი, საქართველოსა და ნორვეგიას შორის 28 მარტს შედგება და 20:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ბათუმში სრულ ანშლაგს ელიან. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი არასრულ დღეში გაიყიდა.