პირველი მატჩი კაპიტნის სამკლავურით | მბაპეს ბენეფისი ნიდერლანდების ნაკრებთან
კილიან მბაპემ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში სადებიუტო შეხვედრა გამართა. „სამფეროვნები“ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 4:0.
დიდიე დეშამის ბიჭებმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნეს და მბაპემ ანტუან გრიზმანს გაატანინა. მე-8 წუთზე, თავი დაიო უპამეკანომ გამოიჩინა და „სამფეროვანთა“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. საინტერესოა, რომ სტარტიდან 8 წუთის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრები 0:2-ს ბოლოს 1951 წლის ნოემბერში, ბელგიასთან აგებდა, ისიც არაოფიციალურ შეხვედრაში.
21-ე წუთზე, „სამფეროვანთა“ კაპიტნის ჯერი დადგა. კილიანმა ჩუამენის ლამაზი პასით ისარგებლა და „ნარინჯისფერთა“ კარში მე-3 ბურთი შეაგდო. მატჩის 88-ე წუთზე, „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და საფრანგეთის ნაკრების მაისურით 38-ე გოლი გაიტანა. მბაპემ კარიმ ბენზემას გადაასწრო და „მამლების“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე, ნიდერლანდებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.
Kylian Mbappé has now scored more goals for France than Karim Benzema.
— ESPN FC (@ESPNFC) March 24, 2023
He's still only 24 years old ... ???? pic.twitter.com/rq2m84r9Ou
ამრიგად, საფრანგეთმა პირველი სამი ქულა აიღო და ჯგუფის ლიდერია. დეშამის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 27 მარტს გამართავენ და სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდებიან.